ავთანდილ ცინცაძე – ბოლოდროინდელი სპორტული წარმატებები პირველ რიგში სპორტსმენების დამსახურებაა, თუმცა სახელმწიფოს როლიც მნიშვნელოვანია

მიუძღვის თუ არა წვლილი სახელმწიფოს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში?
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის და საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტის ავთანდილ ცინცაძის შეფასებით, ქართული სპორტისა და სპორტსმენების ბოლონდროინდელი წარმატებები პირველ რიგში თავად სპორტსმენების დიდი შრომის, ძალისხმევისა და ნიჭის დამსახურებაა, თუმცა სახელმწიფოსაც მიუძღვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი.
ცინცაძე არ იზიარებს დეპუტატ გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებას, ვინაიდან თვლის, რომ სახელმწიფო ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რათა ჩვენმა სპორტსმენებმა დიდ წარმატებას მიაღწიონ, რაც დღეს ნამდვილად თვალსაჩინოა. ამის დასტურად მოჰყავს მინსკში გამართული ევროპული თამაშები, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა 30 მედალი მოიპოვეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველომ მე-7 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ამ ფაქტს ბოლო დროინდელი ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების წარმატებაც ცხადყოფს.
ცინცაძის შეფასებით, ფაქტია, რომ ბოლო დროს სახელმწიფოს დამოკიდებულება სპორტისადმი რადიკალურად შეიცვალა და ამაზე ის საერთაშორისო შეჯიბრებებიც მეტყველებს, რომლებსაც საქართველომ უმასპინძლა და მომავალშიც უმასპინძლებს. დეპუტატი აქვე ხაზს უსვამს სტატისტიკასაც, რომლის თანახმადაც 2007-2011 წლამდე ქართველ სპორტსმენებს არაოლიმპიურ სახეობებში, ხოლო 2007-2014 წლამდე ოლიმპიურ სახეობებში ოქროს მედალი არ მოუპოვებიათ, დღეს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ ფაქტს გულის სიღრმეში გიგა ბოკერია და მისი თანამოაზრეებიც იზიარებენ, თუმცა სიმართლის აღიარება უჭირთ და ცდილობენ უზრდელობით გადაფარონ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, ბოკერიას ჰკითხა, არის თუ არა სპორტში მიღწეული წარმატებები სახელმწიფოს დამსახურება. ბოკერიამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ეს წარმატებები მხოლოდ სპორტსმენების დამსახურებაა, რასაც მასსა და „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
აქვე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე სრულიად ქართულ სპორტსა და სპორტსმენებს წარმატებებს უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები