,,ვფიქრობ, ამ მასშტაბისა და მოცულობის პროექტი ახალ შესაძლებლობებს მისცემს რეგიონს შემდგომი განვითარებისთვის” – ნიკო ჩხეტიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე

ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იქმნება პრეცედენტი, ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნისა, რაც ისტორიული მოვლენაა.

,,პირველივე დღიდან ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობდნენ იმას, რომ სამშენებლო მოედანზე არაფერი ხდებაო. ჩვენ მრავალგზის ვცადეთ აგვეხსნა მათთვის, რომ უნივერსიტეტის დაფუძნება ძალზე კომპლექსური საქმეა და მას სწორი დაგეგმვა და ძალიან კარგი მომზადება ესაჭიროება, თუმცა ამაოდ, ტყუილად არ არის ნათქვამი – შეუძლებელია გააღვიძო ის, ვისაც არ სძინავს.

მე მინდა მოკლედ მოგახსენოთ ჩვენი პროექტის შესახებ, აგიღწეროთ ის გარკვეულ დეტალებში და პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომლებიც ამასობაში დაგროვდა.

მაგრამ სანამ დავიწყებ, მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ გარემოებას, რომელიც მე ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იქმნება პრეცენდენტი – ფუძნდება ახალი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემი აზრით ეს ისტორიული მოვლენაა.

ფონდი ქართუ უდავოდ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე დიდ და მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას ძალიან დიდი ისტორიით.

1995 წლიდან როდესაც ფონდი დაფუძნდა, მას განხორციელებული აქვს უამრავი საქველმოქმედო პროექტი, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 3 მილიარდ დოლარს. მიუხედავად ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ამაჩქარებლის მეგაპროექტი უმსხვილესია ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის.

ფონდი ქართუს ერთადერთი დონორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად 1 მილიარდი ევროს გაღება. ეს უპრეცედენტო მოცულობის კერძო ინვესტირებაა განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არ მომხდარა”.

ნიკო ჩხეტიანის თქმით, ,,ფონდი ქართუს” მიერ წარმოებული მშენებლობები ყველაზე დიდი სამშენებლო მოედანია საქართველოში. როგორც ის აღნიშნავს, საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალურობა არის ერთიანი კამპუსის შექმნა, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იშვიათია.

,,თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესღეობით ფონდი, ,, ქართუს’’ მიერ წარმოებული მშენებლობა, ყველაზე დიდი სამშენებლო მოედანია საქართველოში, რაც კი ახლა არსებობს და მინდა გარკვეული ციფრებით გავამყარო ჩემი ეს ნათქვამი.

ფონდის მიერ წამოწყებული პროექტი ვითარდება ქუთაისის მახლობლად, სამშენებლო მოედნის ფართობი 153 ჰექტარია, საიდანაც 80 ჰექტარი უჭირავს ენდემური ჯიშებით გაშენებული ტყის მასივს, რომელიც სრულად იქნება შენარჩუნებული ჩვენი საპროექტო ჯგუფის მიერ. ჩვენი უნივერსიტეტის კამპუსი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მწვანე კამპუსი მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის, ამის პირობას ახლავე ვდებთ.

ამჟამად მიმდინარეობს და საუბარია მხოლოდ პირველ ფაზაში, 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის მქონე შენობა-ნაგებობების აგება. ამაში შედის 3 სასწავლო კორპუსი, 3 სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და მთელი კამპუსისთვის განკუთვნილი სასადილო, და ეს მხოლოდ პირველ ფაზაში. მეორე ეტაპიდან ამას დაემატება, კიდევ დამატებით 2 სასწავლო კორპუსი, ადრონული ამაჩქარებლის ცენტრი,რომელსაც მოჰყვება ლაბორატორიები და საუნივერსიტეტო კლინიკა.

პარალელურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მისცემს უნივერსიტეტს საშუალებას, რომ სპორტის სხვადასხვა დარგებში გააჩნდეს თავისი გუნდები.

იქმნება ნულიდან კამპუსის საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ საგზაო-საავტომობილო გზებს, არამედ ფეხით მოსიარულეთა ზონებს, ველობილიკებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილებს. ყველაფერი შენდება გერმანული სტანდარტით და ჩვენ ბოლომდე ვხელმძღვანელობთ ჩვენი პარტნიორის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის რჩევა-რეკომენდაციით.

ერთ-ერთი უნიკალურობა, რაც გააჩნია ჩვენს პროექტს, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაშენებთ ერთიან კამპუსს. ეს აბსოლუტურად უნიკალური მოდელია საქართველოში და მსოფლიო მასშტაბითაც, საკმაოდ იშვიათია ისეთი უნივერსიტეტები, რომელთაც აქვს ის ფუფუნება, რომ უნივერსიტეტის მთელი ინფრასტრუქტურა ერთ ადგილას იყოს თავმოყრილი.

ჩვენ უნივერსიტეტს ექნება ძალზედ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. სულ რაღაც 8 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის ისტორიული ცენტრი, 1 კმ-ში არის რკინიგზის სადგური, კამპუსიდან 2 კილომეტრში გადის ცენტრალური ავტომაგისტრალი, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც უამრავი რეისი ხორციელდება ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, განლაგებულია 25 კილომეტრში”.

ვფიქრობ, ამ მასშტაბისა და მოცულობის პროექტი ახალ შესაძლებლობებს მისცემს რეგიონს და მოსახლეობას შემდგომი წინსვლისთვის და განვითარებისთვის.

ცალკე მინდა შევეხო სტუდენტური საცხოვრებლების საკითხს. ეს არის ის საკითხი, სადაც ჩვენ გადავუხვიეთ ჩვენი კოლეგების რჩევისაგან და გადავწყვიტეთ უმაღლეს დონეზე აგვეყვანა ჩვენი სტუდენტების კომფორტი,. ჩვენი გადაწყვეტილებით, თითოეულ სტუდენტს, ვინც იცხოვრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, ექნება საკუთარი ინდივიდუალური ბინა საკუთარი სამზარეულოთი და სან-კვანძით. აღნიშნული არ აქვს ძალიან ბევრი მსოფლიო უნივერსიტეტს და წარმოადგენს ამ დარგში ჩვენს სავიზიტო ბარათს.

ჩვენ ხშირად გვისვამენ კითხვას – როდის მორჩებით? ეს კითხვა იმთავითვე მცდარია. უნივერსიტეტის განვითარება არასდროს არ უნდა „რჩებოდეს“, არ უნდა მთავრდებოდეს. ჩვენი პარტნიორი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 150 წლის წინ დაარსდა და ის დღესაც ვითარდება, ასეა უამრავ მსოფლოს უნივერსიტეტში. შესაბამისად ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის – ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ვაშენებთ, 2020 წელს ჩვენ მივიღებთ პირველ ნაკადს სტუდენტებს, და ამის შემდეგაც ფონდი ,,ქართუ“ გააგრძელებს ამ პროექტის მხარდაჭერას და განვითარებას.

ნიკო ჩხეტიანი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან პროექტის განხორციელებაში და აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურაზე მეტად არამატერიალური კომპონენტები არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, ის პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.

,,ბუნებრივია, ამ მოცულობის პროექტის განხორციელება შეუძლებელია ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობის გარეშე, მე მინდა გამოვიყენო საშუალება და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მათ. ბუნებრივია ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის თანამშრომლებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ექსპერტებს, არქიტექტორები, საპროექტო ჯგუფს და რა თქმა, უნდა ჩვენს მშენებლებს, რომლებიც თავდაუზოგავად, ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავი შრომით, ახორციელებენ ამ პროექტს და შესაძლებელს გახდიან იმას, რომ უახლოეს მომავალში იდეა რომელიც გაჩნდა წლების წინ განხორციელდეს და საქართველოში დაფუძნდეს ახალი , ევროპული სტანდარტის მქონე სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე უნივერსიტეტი ვერ იფუნქციონირებს, მაგრამ ინფრასტრუქტურაზე გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს არამატერიალურ კომპონენტს, ვგულისხმობ ჩვენი უნივერისტეტის პროგრამებს, რომლებიც შეიქმნა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით”,- აცხადებს ნიკო ჩხეტიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები