მარიამ ჯაში: გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის

0

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყებასთან, ასევე განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.​
​მისი შეფასებით, მიმდინარე წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის ისტორიული იყო.
„სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ჩვენ გვინდა მივულოცოთ ახალი სასწავლო შესაძლებლობები მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგიურ კორპუსს. ვუსურვოთ წარმატებები და აქვე, ვფიქრობ არის უაღრესად მნიშვნელოვანი შევაჯამოთ ის ცვლილებები, რომლებიც უკვე განხორციელდა საქართველოს განათლების სისტემაში და ასევე გამოწვევები, რომელთა გარშემოც ჩვენ მოგვიწევს შემდგომი მუშაობა. გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის. მე-9 მოწვევის პარლამენტის განხილვების პირველივე დღეებიდან ჩვენი კომიტეტი, ყურადღებას ამახვილებდა დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის აუცილებლობაზე, თუკი ჩვენ გვქონდა პრეტენზია, ფუნდამენტური რეფორმებისა განათლების სისტემაში. ეს გადაწყვეტილება 2019 წელს არის მიღებული და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მამუკა ბახტაძეს გადავუხადო მადლობა. მისი ინიციატივით განათლება ნამდვილად გახდა უპირველესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობის და ჩვენ ასევე საკანონმდებლო დონეზე გვაქვს უზრუნველყოფილი მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. სულ რამდენიმე დღეში 30 ათასზე მეტი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას და ათასობით დამსახურებულ პედაგოგს ჩვენ ღირსეულად გავაცილებთ სისტემიდან. საპენსიო რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში, მე ვფიქრობ, არ მარტო საქართველოსთვის იქნება წარმატებული, არამედ გახდება მაგალითი, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, უფრო გლობალურად. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს საგანმანათლებლო რესურსების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ წელს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ბრუნდება კულტურული მემკვიდრეობის სახით, იაკობ გოგებაშვილის დედაენის განახლებული ვერსია, ყველა პირველკლასელს გუშინ დახვდა სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელო და ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ არჩევანის თავისუფლებას და საავტორო უფლებების დაცვას. ასევე გუშინ, ყველა პირველკლასელს დახვდა და დაურიგდა განახლებული და გაუმჯობესებული ტექნიკური სპეციფიკაციის კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც აძლევთ საშუალებას, რომ ჩაიტვირთოს ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსი უშუალოდ პერსონალურ კომპიუტერებში. მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოები ასევე არის განახლებული და ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება მომდევნო წელსაც. სკოლის უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. 41 სკოლაში დამატებით დასაქმდნენ მანდატურები და საერთო ჯამში, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, სკოლების 80 პროცენტში იქნებიან უკვე მანდატურის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების საკითხს და ასევე გაზრდილია მანდატურების სახელფასო ანაზღაურება 250 ლარით. მანდატურის სამსახურის გაძლიერებასთან ერთად გაძლიერდა ასევე ფსიქო-სოციალური სერვისი. ახალციხეში და ზუგდიდში გაიხსნა დამატებითი ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები და წელს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომ პირველად სკოლაში ჩვენ დავიწყეთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების ბავშვთა რეგისტრაცია. 515-მა მოსწავლემ მიიღო სწორედ ეს მომსახურება. ასევე ქვეყნის მასშტაბით, განახლებულია 75 პროცენტი სასკოლო ინფრასტრუქტურის. 880 სკოლაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები და აშენდა ახალი 27 სკოლა ქვეყნის მასშტაბით. ასევე წელს დამთავრდა 91 სკოლის მშენებლობა შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული სტრატეგიული პროგრამის ფარგლებში. ბუნებრივია, რჩება გამოწვევები, მათ შორის, საბავშვო ბაღების სისტემებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საბავშვო ბაღებში ანალოგიურად, ჩვენ გვაქვს განსახორციელებელი ფინანსური რესურსების მატების ინიციატივები და ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამინისტროსთან. გუშინ ჩვენ ვსტუმრობდით ზუგდიდში ინგირის განახლებულ სკოლას, პედაგოგების მოლოდინი და ჩვენი მხარდაჭერა უწყვეტად უნდა გაგრძელდეს, ეს სტრატეგიული და ფუნდამენტური რეფორმაა განათლების სისტემაში”,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი