ბარათაშვილების საგვარეულო რეზიდენცია თეთრიწყაროში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და რეაბილიტაციას ელის

0

ალაქ თეთრიწყაროს ცენტრალურ ქუჩაზე თუ ჩაივლით პარკის მიმდებარედ, აუცილებლად შენიშნავთ ორსართულიან სახლს, რომელსაც პატარა ჭიშკარი აქვს. გარედან ერთი შეხედვით უბრალო საცხოვრებელი სახლი გეგონებათ. აქ ადგილობრივების ნაწილმაც არ იცის, რომ ეს ერთი შეხედვით უბრალო სახლი ორ საუკუნეს ითვლის და ის ერთ დროს ბარათაშვილების საგვარეულო რეზიდენცია იყო.
შენობა სავალალო მდგომარეობაშია. ბოლოს მას სარეაბილიტაციო სამუშაოები ალბათ ასი წლის წინ თუ ჩაუტარდა. შენობაში შესვლა არ გაგიჭირდებათ, ამისთვის კარი და ფანჯარა სულაც არ არის საჭირო. დრომ სახლს თავისი კვალი დაამჩნია.  ერთ დროს ისტორიულ სასახლეს კედლები და ჭერი თითქმის აღარ შემორჩა. უპატრონობისგან სახლში ბალახებია ამოსული. ეტყობა საქონლის ბალახობის კვალიც. არადა, ალბათ ყველას აინტერესებს, როგორი ინტერიერით იყო მოწყობილი ბარათაშვილების საგვარეულო სასახლე მე-19 საუკუნეში. როგორ გამოიყურებოდა ერთ დროს დიდებული რეზიდენცია, ამის აღმნიშვნელი ფოტო მასალა არ არსებობს. ინფორმაცია არც ერთ საძიებო სისტემაში არ იძებნება. მწირი ინფორმაცია, რაც ადგილობრივებმა გადმოცემით იციან, არის ის, რომ სასახლეში 1800-იანი წლების პირველ ნახევარში, მეფის რუსეთის დროს, განთავსებული იყო რუსეთის სამხედრო პოლკი და მოხსენიებულია როგორც ოფიცერთა სასახლე.
წლების ლოდინის შემდეგ, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, დაიგეგმა მისი სრულად აღდგენა და ტერიტორიაზე სამშვილდე კლდეკარის მუზეუმ ნაკრძალის გაკეთება. შენობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ანთაძემ “კვირას” განუცხადა, შენობის სააგენტოსთვის გადაცემის შემთხვევაში მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდება.
“შენობის გადმოცემის შემთხვევაში, მისი  სრული რესტავრაცია მოხდება. მოეწყობა საგამოფენო სივრცეები და გაკეთდება მუზეუმი, რაც ქალაქისთვის სავიზიტო ბარათის ტოლფასი იქნება”  განაცხადა  ნიკოლოზ  ანთაძემ.

ახლა ჯერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოზეა. მათ ბარათაშვილების სასახლე სამართავად ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა გადასცენ.  თუმცა გადაცემა ერთია და შენობის აღდგენა – მეორე. რეაბილიტაციას არც თუ ცოტა თანხები დასჭირდება. როდის შეძლებენ ვიზიტორები აღდგენილი სასახლის ნახვას, ამ ეტაპზე უცნობია.

 

გიორგი მაზმიშვილი

კომენტარები

კომენტარი