პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა – რას წერს ადვოკატი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
ინფორმაციას ასლან ბეჟანიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ადასტურებს.
“მე ვარ ასლან ბეჟანიძის ადვოკატი, რომელიც ოთხმეზურის მკვლელობაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სამარცხვინოდ გაამტყუნა. საკუთარი ხელით ჩავაბარე პოლიციას უდანაშაულო ადამიანი. უამრავ ნეგატიურ პოსტს ვხედავ ახლო მეგობრებისგანაც. სალომე ზურაბიშვილის უარყოფით რეპუტაციას ნუ გავავრცელებთ უდანაშაულო ადამიანზე. წაიკითხეთ ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი! შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი”, -წერს ირაკლი ჩომახაშვილი.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს ბრალდებულის სახით. 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები