“წავალ ციხეში ადგილობრივების უფლებების დაცვისთვის” – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი თამარ მეარაყიშვილის საქმეს მესამე წელია განიხილავს

0

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო ბრალდების წარდგენაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი მტკიცებით, დღეს გამართულ მორიგ სასამართლო პროცესზე მოსამართლე საქმის დასრულებას ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე აპირებდა.

„დღეს, სასამართლო სხდომა ისე წარიმართა, იძულებული გავხდი გამომეცხადებინა, რომ საქმეში ადვოკატი ჩაერთვება. მოსამართლე დღესვე აპირებდა დასრულებას მოწმეების და “დაზარალებულების” დაკითხვის გარეშე, ასევე ჩემი შუამდგომლობების დაყენების გარეშე. მოსამართლემ განაცხადა, რომ ის გაეცნო მათ ჩვენებებს, რომელიც 2017 წელს მისცეს პროკურატურას და რომლებიც ერთ ხმაშია დაწერილი და მზადაა დაასრულოს განხილვა მათი მოსმენის გარეშე.
მეგობრებო, გთხოვთ, გაავრცელოთ, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ვინც უზრუნველყოფს ჩემთვის ადვოკატს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. მე წავალ ციხეში, მაგრამ ამას ჩემი მშობლები ვეღარ გადაიტანენ და კითხვა – რისთვის? ადგილობრივების უფლებების დაცვისთვის!
გთხოვთ, გააზიაროთ“, – წერს თამარ მეარაყიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ახალგორის რაიონის ე.წ. პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე 2017 წლის აგვისტოში აღძრა. მას პარტია “ერთიანი ოსეთის” მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას, ასევე, გაყალბებული დოკუმენტის მეშვეობით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონო მოპოვებას ედავებიან. ამ ხნის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება, კერძოდ, მეარაყიშვილს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დატოვება ეკრძალება.

კომენტარები

კომენტარი