დავით შერაზადიშვილი ბოლნისის N3 და სოფელ რატევნის საჯარო სკოლებს ესტუმრა

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ია სვანიძესთან ერთად მიულოცა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 32 საჯარო და 2 კერძო სკოლაში დილიდანვე საზეიმო განწყობა იყო.
დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისის N3 და სოფელ რატევნის საჯარო სკოლებს ესტუმრა.
რატევნის საჯარო სკოლას წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, N3 სკოლაში კი ადაპტირებული სველი წერტილები მოეწყო. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლის კარი 659-მა პირველკლასელმა შეაღო. დავით შერაზადიშვილმა მათ მთავრობის საჩუქრი იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“ და „ბუქები“ გადასცა.
„დღეს საქართველოს მასშტაბით სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მინდა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და განსაკუთებით პირველ კლასელებს მივულოცო სწავლის დაწყება და მათ წარმატებები ვუსურვო. ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ნიჭიერი მოსწავლეებითა და პროფესიონალი მასწავლებლებით, ამას კი მათი მიღწევები და ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ბოლნისელი სტუდენტების რაოდენობა ადასტურებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განათლება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სფეროა, რადგან ვთვლით, რომ საქართველოსა და მუნიციპალიტეტის განვითარებას განათლებული მომავალი თაობა განაპირობებს. წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა, სკოლებში მოეწყო სველი წერტილები, გამოიცვალა სახურავები, კარ-ფანჯარები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, ეს კი, ვფიქრობთ სწავლის პროცესს კომფორტულსა და სასურველს გახდის. სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წლებშიც გაგრძელდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები