ახლად აშენებული და რეაბილიტირებული ბაღები და სკოლები – როგორ შეხვდა ქვემო ქართლის რეგიონი ახალი სასწავლო წლის დაწყებას
ქალაქ მარნეულში 150 სკოლის მოსწავლე ახლადაშენებულ შენობაში ისწავლის. ნომერ პირველი საჯარო სკოლა, რომელიც 200 მოსწავლეზეა გათვლილი საზეიმოდ დღეს გაიხსნა. ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში – დურსუნ ჰასანოვი, განათლების მინისტრის მოადგილე – ლევან ხარატიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ. სკოლა თანამედროვე სტანდარტების მქონეა, აღჭურვილია კომპიუტერებითა და ყველა საჭირო ინვენტარით, მარნეულის მერის ზაურ დარგალის თქმით, მომდევნო წლებში მუნიციპალიტეტში კიდევ ათამდე ახალი სკოლა აშენდება ხოლო რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება ორ სასწავლო დაწესებულებას.
“დღეს მარნეულისთვის არის ისტორიული დღე, განახლდა და აშენდა სკოლა, სადაც სწავლობდა ბევრი ჩვენი ნათესავი, მეგობარი და ახლობელი. ეს არის ისტორიული შენობა. ჩვენ მსგავსი სახის პროექტებს გავაგრძელებთ”, – ამბობს დარგალი.
მარნეულის პირველი საჯარო სკოლა ათობით წლის განმავლობაში ამორტიზებული იყო და შენობაში სასწავლო პროცესის წარმართვა თითქმის შეუძლებელი იყო. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით სკოლა მთლიანად დაინგრა და მის ადგილას ახალი ორსართულიანი შენობა აშენდა.
საქართველოს მასშტაბით, მთავრობის და სამინისტროს ინიციატივით, ექვსასამდე სკოლა რეაბილიტირდა. მათ შორის არის მარნეულის პირველი საჯარო სკოლა, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო და თითქმის ოთხი წელი არ ფუნქციონირებდა.
ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში – დურსუნ ჰასანოვიც დაესწრო, რომელიც სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია.
რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს და სოფელ ჯანდარას მცხოვრებლებს ახალი სააღმზრდელო დაწესებულება ექნებათ. აქამდე მსგავსი სახის დაწესებულება ამ ორ სოფელს არასდროს ჰქონია.
პატარებს წელს პირველად აქვთ საშუალება სკოლამდელი აღზრდის განათლება საკუთარ სოფლებში მიიღონ, კალინინოს საჯარო ბაღში სულ სამი ჯგუფი იარსებებს, რომელიც 60 ბავშვს მოემსახურება. ჯანდარის ბაღს კი ორი ჯგუფი ექნება და 54 ბავშვის მიღებას შეძლებს, საბავშვო ბაღების მშენებლობა მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობამ დააფინანსა. შედეგად ადგილზე 30-მდე გარდაბნის მცხოვრები დასაქმდა.
“2020 წელს გარდაბნის ყველა სოფელი იქნება სრულად უზრუნველყოფილი მაღალი დონის საბავშვო ბაღებით და ეს პრობლემა სრულად გადაწყვეტილი იქნება მუნიციპალიტეტში”,- ამბობს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რომელიც საბავშვო ბაღების გახსნის საზეიმო ღონისძიებას გარდაბნის სოფლებში მერთან, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
“ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გვაქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაწყებული და დასრულდება მომავალ წელს. ყველა სოფელს ექნება ახლად აშენებული და რეაბილიტირებული სააღმზრდელო დაწესებულებები”, – განაცხადა კვირასთან საუბრის დროს მარნეულის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა.
ახალი სასწავლო წელს, რუსთავის 22 საჯარო სკოლა, განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. 1 700 000 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა. 26 პროექტი, რომელიც სკოლების სპორტული დარბაზების, მოედნების, სველი წერტილების, დერეფნების რეაბილიტაციას და სხვა სახის სამუშაოებს ითვალისწინებდა. რუსთავში სრულად განხორციელდა და სასწავლო წელი ყველა საჯარო სკოლაში შეფერხების გარეშე დაიწყო. სასწავლო წელი შეუფერხებლად დაიწყო რუსთავის ბაგა-ბაღებშიც, სადაც წელს, 1 057 702 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 8 საბავშვო ბაღში განხორციელდა. სამუშაოები შეასრულა და ახალი ინვენტარი შეიძინა ბაგა-ბაღების გაერთიანებამაც, რისთვისაც რუსთავის ბიუჯეტიდან, დამატებით 500 000 ლარი იყო გამოყოფილი.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, რეგიონში ყველა სკოლამ მოსწავლეების მიღება უპრობლემოდ შეძლო და არცერთ სკოლაში სწავლა არ გადადებულა.