რამდენით გაძვირდა ცხოვრება საქართველოსა და აზერბაიჯანში – რას აჩვენებს სტატისტიკა და როგორია მოლოდინები?

ოფიციალური სტატისტიკით, წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 4,9 % შეადგინა და მიზნობრივ მაჩვენებელს 3,4 %-ს დიდი ხანია გადააჭარბა. საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (+ 8 %), ტრანსპორტზე ( + 4,4%), დასვენებასა და გართობაზე (+ 6,2%), ჯანდაცვაზე ( +3,9%). როგორც TBC Research-ის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი, თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება და დაახლოებით, 7 %-ს მიაღწევს. მოკლედ პერსპექტივა არც თუ ისე სახარბიელოა. რა ხდება ამ დროს მეზობელ აზერბაიჯანში? აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ – ივნისში სამომხმარებლო ფასებმა აზერბაიჯანში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7 %-ით მოიმატა. როგორც Repor-ი აზერბაიჯანის ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით წერს, საანგარიშო პერიოდში სურსათის, თამბაქოსა და უალკოჰოლო სასმელების ფასმა 3,1 %-ით მოიმატა. 1,3 %-ით არის გაძვირებული არასასურსათო საქონელი. სამაგიეროდ 3 %-ით მოიმატა სხვადასხვა ტიპის მომსახურების ფასმა. რა შეეხება მოლოდინებს? საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ინფლაციის 7 %-მდე ზრდას ვარაუდობენ, აზერბაიჯანში უფრო დამაიმედებელი პროგნოზები კეთდება. აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით მიმდინარე წლის ინფლაციის მაჩვენებელი 3,7 %-ს არ გადააჭარბებს. რაც შეეხება მომდევნო 2020 წელს, აზერბაიჯანში ვარაუდობენ, რომ ამ წელს ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ინფლაცია 4,6 %-ს მიაღწევს. სამაგიეროდ, ინფლაციის მაჩვენებლის კლებას ელოდებიან 2021 წლისთვის ( 4,5 %). აზერბაიჯანის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს ტენდენცია შემდგომშიც გაგრძელდება და უკვე 2023 წლისათვის ინფლაციის მაჩვენებელი 3,9 %-ს არ გადააჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები