საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით,2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.
2019 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა – -0.4 პროცენტი);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა – 6.0 პროცენტი);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა – 5.6 პროცენტი).
2019 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1 241.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.