ირაკლი სესიაშვილი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის მოდის

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა, პირდაპირპორციულად, პირდაპირ კავშირშია ანაკლიის პროექტთან, ანუ ის მოდის ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით ქვეყანამ უკვე ასეულობით მილიონი დახარჯა ბიუჯეტიდან და თავისი ვალდებულებები შეასრულა.
“გუშინ, პრეზენტაციის დროს, მამუკა ხაზარაძემ ძალიან ბევრი ილაპარაკა ანაკლიის პროექტზე და მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა, პირდაპირპორციულად, პირდაპირ კავშირშია ანაკლიის პროექტთან, ანუ ის მოდის ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის. თავისი ფორმით და შინაარსით – მე ეს დავინახე. მე ვპასუხობ, ანაკლიის პროექტი, ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეკონომიკურ ნაწილზე რომ არ გელაპარაკოთ, სამხედრო, პოლიტიკური და საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, ანაკლიის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვეუბნები ხაზარაძეს, ქვეყანამ უკვე ასეულობით მილიონი დახარჯა ბიუჯეტიდან და შეასრულა თავისი ვალდებულებები – იყიდა მიწები, გზა გაიყვანა, ინფრასტრუქტურა განახორციელა, იმისათვის, რომ ამ კონსორციუმს ჰქონოდა მეტი საშუალება და ეჩვენებინა ინვესტორებისთვის მხარდაჭერა, რომ შემდგომ ამ პროექტის რეალიზება მოეხდინა“, -განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატი ხაზარაძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სასამართლოში საქმეები „იმერული ხაჭაპურივით ცხვება“.
“ერთგვარ მოდად იქცა საქართველოში, რომ თუ შემოდიხარ პოლიტიკაში და ხდები მმართველი პოლიტიკური ძალის ოპონენტი, რაც უფრო ცუდად დახატავ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მით უფრო მეტი პოლიტიკური პერსპექტივები გექნება. ჯაფარიძის გუშინდელი განცხადება ყურში მომხვდა – სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ დგას. ალბათ, საინტერესო იქნება ახსნას, რანაირად იქნება სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ. ეს არის შემდგარი სახელმწიფო – საქართველო, რომლის რეფორმებით, წარმატებებით და წინსვლით, მართლაც გაოცებულია ევროპა და ნატო-ს წევრი ქვეყნები. რეგიონში ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა აქვს, მიმზიდველია, მოსახლეობაზე ორჯერ მეტი ტურისტი გვყავს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ერთადერთი დაცული ქვეყანა ვართ, მართლმსაჯულების თვალსაზრისით, აღიარებულია საქართველო როგორც ლიდერი რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში, სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ არის შემცირებული სარჩელები, ისევე როგორც მოსახლეობას უბრუნდება ნდობა სასამართლოს მიმართ. რა თქმა უნდა, პრეტენზიები და კითხვები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როცა შემოდიან პოლიტიკაში და მაშინვე რადიკალურ პოზიციას იჭერენ, რომ სასამართლოში საქმეები „იმერული ხაჭაპურივით ცხვება“, ცოტა შეურაცმყოფელია ბევრი ადამიანისთვის”, – განაცხადა სესიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები