კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებ, პარლამენტი შეძლებს ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ შეირჩნენ მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე მოსამართლეები
შერჩევის პროცესი იყო კარგი და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი შეძლებს ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ შეირჩნენ მაღალი პროფესიული სტანდარტისა და ასევე მაღალი პიროვნული სტანდარტის მქონე მოსამართლეები – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება პარლამენტის როლს მთელ ამ პროცესში.
„მე პირადად ვიყავი ჩართული იმ პროცესში, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას უძღოდა წინ. სამუშაო ჯგუფის ფორმატში იყო შეხვედრები, ასე რომ, ინტერესით ვადევნებ თვალს. შერჩევის პროცესი იყო კარგი და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი შეძლებს ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ შეირჩნენ მაღალი პროფესიული სტანდარტისა და ასევე მაღალი პიროვნული სტანდარტის მქონე მოსამართლეები. სწორედ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის მონიტორინგი ამ პროცესთან დაკავშირებით, სადაც გამოთქმულია გარკვეული წუხილი ამ პროცესის ხარისხთან დაკავშირებით. მე უკვე დავიწყე საუბრები ქართული მხარის წარმომადგენლებთან ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც გავაგრძელებ და ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით პარლამენტის როლს მთელ ამ პროცესში, რადგანაც სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.