ადვოკატის სკანდალური განცხადება – მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურების რისკი და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დარჩა.
„ზაზა სარალიძის პასუხები ემთხვეოდა ბრალდების ფორმულირებას, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, ასევე გადაისინჯა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა რისკი მოწმეებზე ზემოქმედების და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის და აღკვეთის ღონისძიება დარჩა ძალაში“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.
თავის მხრივ, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა საქმეს პოლიტიზირებულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმდნენ.
„ეს საქმე არის პოლიტიზირებული, ამ საქმეში გამოკვეთილია ორი პოლიტიკური პარტია, რომლებმაც გაითამაშეს არაჩვეულებრივად ურთიერთშეთანხმებით და ფაქტობრივად მიაღწიეს იმას, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქცია შეწყვეტილიყო, ეს იყო ამათი დანიშნულება. მეორე მხარე, ვგულისხმობ „ევროპულ საქართველოს“, მათ სარგებელი უნდა მიეღოთ წინასწარი შეთანხმებით, ღრმად იყვნენ დარწმუნებული, რომ თუ მიხეილ კალანდიას ხელისუფლება დაიჭერდა, ასეთ შემთხვევაში სუბელიანზე გამოამჟღავნებდა რაღაც კადრებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას ეხება. დროებითი საგამოძიებო კომისიის უმთავრესი დანიშნულება კი იყო ის, რომ ოთარ კახიძეს მოეპოვებინა მტკიცებულება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად ვანო მერაბიშვილისთვის. ეს არის საქმის ზედმეტად პოლიტიზირება, პარტიების განცხადებები, ვიღაცებს თურმე პრემიერმინისტრობაც კი უნდოდა, ორი გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე”, – აცხადებს ადვოკატი.
სასამართლოს დღევანდელ დახურულ სხდომაზე დაზარალებული მხარე, ზაზა სარალიძე, დაიკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ, სარალიძეს ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებია.
შემდეგი სასამართლო პროცესი 18 სექტემბერს 10:30 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები