11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა – როგორ შეიცვალა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა(ფოტოკოლაჟი)

აშშ-ის ისტორიაში 2001 წლის 11 სექტემბერი ყველაზე ტრაგიკული დღე გახდა, როდესაც ტერაქტების სერიის შედეგად 3 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

18 წლის წინ ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ წევრებმა აშშ-ში ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, ორი მათგანი ადგილობრივი დროით 08:46 საათზე ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს დააჯახეს.

American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც რეისს – 11 ასრულებდა, ცენტრის ჩრდილოეთის, ხოლო United Airlines-ის 175-ე რეისი სამხრეთის შენობას დაეჯახა. ამის შედეგად ორივე ცათამბჯენი ჩამოინგრა.

American Airlines-ის კუთვნილი მესამე თვითმფრინავი, რეისი 77, რომელიც 5-მა ტერორისტმა გაიტაცა, პენტაგონის შენობისკენ გაფრინდა.

United Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი რეისი 93, გამანადგურებელმა F-16-მა პენსილვანიის შტატში ჩამოაგდო.

19 ტერორისტის გარდა, თავდასხმას 2977 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად 24 ადამიანი ითვლება. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ალ ქაიდას“ ლიდერმა უსამა ბენ ლადენმა აიღო.

რა შეიცვალა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ

ტერაქტმა არა მხოლოდ ორად გაყო თანამედროვე ამერიკის ისტორია – 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ, არამედ მსოფლიო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში გლობალური ცვლილება გამოიწვია.

ტერაქტის შედეგად, ვაშინგტონმა ომი ავღანეთში გააჩაღა, შეიჭრა ერაყში, მიიღო ბუშის დოქტრინა, შეიქმნა გუანტანამოს სატუსაღო და Patriot Act.

მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საერთაშორისო ტერორიზმს ტოტალური ომი გამოუცხადა.

2001 წლის 7 ოქტომბერს ავღანეთში ომი დაიწყო, რადგან თეთრ სახლში დარწმუნებული იყვნენ, რომ უსამა ბენ ლადენი ავღანეთში იმყოფებოდა და ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანისგან“ მისი გადაცემა მოითხოვეს, საპასუხოდ „თალიბანმა“ თქვა, რომ მას ისლამის სასამართლოს გადასცემდა. ბუშმა გასცა ბრძანება „ალ ქაიდას“ ბანაკებსა და თალიბების სამხედრო ბაზებზე იერიშის მიტანის შესახებ. 12 ნოემბერს თალიბებმა ქაბული დატოვეს. გაეროს მონაცემით, ომის შედეგად 2 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

2001 წლის 25 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესმა ანტიტერორისტული კანონი Patriot Act მიიღო.

2002 წლის 11 იანვარს კუბაში, გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე ციხე შეიქმნა იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

2003 წლის 20 მარტს აშშ ერაყში შეიჭრა, რადგან ბუშის ადმინისტრაციის განცხადებით, ერაყის მხრიდან აშშ-სთვის საფრთხე არსებობს. ბუშის განცხადებით, სადამ ხუსეინის რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია, რომელიც შესაძლოა მან ტერორისტებს გადასცეს. 1 მაისს დაიბომბა ხუსეინის რეჟიმი, თავად დიქტატორი, მოგვიანებით, ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს.

რაც შეეხება ავღანეთს, მიუხედავად იმისა, რომ „თალიბები“ ნაწილობრივ განადგურდნენ, ქვეყანაში აშშ-ის ISAF-ის ფარგლებში სამხედრო კონტინგენტი რჩება.

უკვე რამდენიმე თვეა „თალიბანის“ წარმომადგენლებსა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანია, ავღანეთში 18 წლიანი ომის დასრულება, რაც „თალიბანის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას, აშშ-ის მხრიდან კი სამხედრო კოტინგენტის მნიშვნელოვან ნაწილის გაყვანას მოითხოვს.

თეთრ სახლში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეულია, თუმცა დოკუმენტისთვის ხელი მოწერილი არ არის.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ავღანეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.

ავტორი: მონიკა დავლიანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები