“მინდა ჩემი ნახატები დანარჩენ საქართველოს ვანახო” – 74 წლის უცნობი მხატვარი უშგულიდან
მხატვრებს შეუძლიათ არამარტო ასახონ ცხოვრება, არამედ მისცენ ადამიანებს შესაძლებლობა, დატკბნენ სამყაროთი და უყვარდეთ ის. სწორედ ასეთია 74 წლის უშგულელი მხატვარის, ფრიდონ ნიჟარაძის მიერ ზეთის საღებავებით შესრულებული იდუმალი, დახვეწილი და ლაკონიური ნახატები. მისი ნამუშევრების სიუჟეტები სიურეალისტური, ნაზი და ღრმა შინაარსით დატვირთულია.
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. რაც თავი ახსოვს ხატავს, იხსენებს, რომ არასოდეს ხატავდა იმას, რაც უნდა დაეხატა მის თანატოლებთან ერთად. უშგულში დაიბადა და გაიზარდა, მისი შემოქმედების გული, რა თქმა უნდა, სამშობლოა. სვანეთის სული მის ნახატებში იგრძნობა. დღემდე საგულდაგულოდ ინახავს მის პირველ ნახატებს, რომელიც შავი ფანქრით ოსტატურადაა შესრულებული. უშგულში მისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული აქვს სამხატვრო-სახელოსნო. ფრიდონ ნიჟარაძის სახელოსნო და მისი შემოქმედება უშგულში ამოსული ტურისტების ერთ-ერთი აუცილებლად სანახავ ადგილთა შორისაა. ჩვენს კითხვაზე – ჰქონია თუ არა ოდესმე გამოფენა, გულდააწყვეტილმა გვიპასუხა ვერ მოხერხდაო.
ამჟამად, მხატვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვეღარ ხატავს, თუმცა საკუთარ სახელოსნოში ყოველდღე უწევს ერთიდაიგივე ამბის ტურისტებისთვის, უკვე მერამდენედ მოყოლა.
როდესაც ვესტუმრეთ, გაგვიმართლა – ტურისტები არ იყვნენ. ბატონი ფრიდონი სიხარულით გაგვიძღვა სახელოსნოსკენ.
საკუთარ ნახატებს არ ყიდის. ამბობს, რომ მისთვის თითოეული მათგანი ფასდაუდებელია. მისი ოცნებაა, პერსონალური გამოფენა ჰქონდეს და საკუთარი ნახატები დანარჩენ საქართველოს ანახოს.
1999 წელს, მიღებული აქვს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დალოცვის სიგელი, უშგულის ეკლესიებში არსებული სიწმინდეების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის. სიგელს საგულდაგულოდ ინახავს და სიამაყით გვაჩვენებს. პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვკითხა და დიდი მოკითხვა დაგვაბარა მასთან.
მხატვარს ცოლი არასოდეს შეურთავს. დღეს ძმასთან და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობს მშობლიურ უშგულში.
სოფო კაკაჩია