არჩილ თალაკვაძე უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, იანოშ ადერს, უმასპინძლა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასევე, განიხილეს პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გააქტიურებას გაესვა ხაზი.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძემ და იანოშ ადერმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო და საკონსტიტუციო რეფორმებზე გაამახვილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უნგრეთის პრეზიდენტს გააცნო რეფორმების არსი და მათი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.
შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აღნიშნული ვითარებიდან მომდინარე საფრთხეები იყო.
უნგრეთის პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.