ნიკოლეიშვილი სამთავრობო პროგრამაზე: ხელისუფლებას სურს, წარმოაჩინოს, რომ ოკუპაცია ნომერ პირველი პრობლემაა

ხელისუფლებას წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამით სურს, წარმოაჩინოს, რომ ოკუპაცია არის ნომერ პირველი პრობლემა, – ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ნიკოლეიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას, სამთავრობო პროგრამა შეაფასა.
„სამთავრობო პროგრამა 2019-2020 წელზეა გაწერილი. საკმაოდ საინტერესოა, ვიტყოდი, რომ ძველ პროგრამასთან შედარებით ეს უფრო ეფექტიანადაა გაწერილი. 4 ძირითადი მიმართულებაა, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, მართლწესრიგის საკითხებს. ამ პროგრამის მიხედვით მთავრობას პრიორიტეტულად მიაჩნია ოკუპაციის საკითხები. ნათლად წერია, რა გეგმები აქვს მას ოკუპაციასთან მიმართებაში. ხაზგასასმელია, რომ მშვიდობიანი, პრაგმატული პოლიტიკით გაგრძელდეს მუშაობა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ხელისუფლებამ შეძლოს ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს დეოკუპაციის პროცესს. მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატის გაძლიერება. ეს არის დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებას ამ პროგრამით უნდა წარმოაჩინოს, რომ ოკუპაცია არის ნომერ პირველი პრობლემა. ძალიან სერიოზული აქცენტია გაკეთებული საგარეო პოლიტიკაზე: ევროატლანტიკური ინტეგრაცია ისევ პრიორიტეტულად რჩება ხელისუფლებისათვის. პროგრამაში ასევე გაწერილია ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან, აქ ერთ-ერთი დიდი როლი აკისრია აშშ-სთან ურთიერთობას.
პროგრამა საინტერესოა თავდაცვის კუთხით, კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ თავდაცვა უნდა იყოს თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. არის საუბარი რეზერვის და მობილიზაციის სისტემის დახვეწაზე . გაწვევასთან დაკავშირებით არის გარკვეული სახის ხარვეზები, რაც იწვევს ერთგვარ უხერხულობას, მე როგორც ყოფილი სამხედრო, ამას მაინცდამაინც კარგად არ ვუყურებ, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა ცდილობს სამხედრო სამსახურზე თავის არიდებას ყალბი ცნობებით. პროგრამაში საუბარია სამხედროების სოციალური და ჯანდაცვის დაცვაზე, ბინებით უზრუნველყოფაზე და ა.შ.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პროგრამაშია გაწერილი ეკონომიკურ განვითარებას ეხება. აქცენტია აღებულია თავისუფალ ბაზარზე , ბიზნესგარემოს თავისუფლებაზე, მცირე მეწარმეების განვითარებაზე. საუბარია საქართველოს სატრანსპორტო მნიშვნელობაზე, გზებისა და კომუნიკაციების მოწყობაზე, განვითარებაზე.
ასევე მთავრობას აქვს გეზი აღებული, რომ განათლება უნდა გაძლიერდეს და ამასთან ერთად, გახდეს ხელმისაწვდომი.
პროგრამა რომ შევაჯამოთ, ძალიან საინტერესოა. ქაღალდზე დაწერილს საქმეში განხორციელება სჭირდება“- განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მანვე მინისტრობის კანდიდატების შესახებაც ისაუბრა.
„რაც შეეხება კანდიდატებს- მმართველმა გუნდა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს კანდიდატები უკეთესი იქნებიან ამა თუ იმ თანამდებობებზე. ცხადია, ეს პოლიტიკური თანამდებობებია, მაგრამ თუ დავაკვირდებით, თითოეული მათგანი შერჩეულია მათი მენეჯერული თვისებებიდან გამომდინარე. იგივე გახარიას თუ ავიღებთ, როგორც ჩანს, მისი შერჩევა პრემიერის პოსტზე მოხდა ისევ და ისევ მენეჯერული თვისებებიდან, მისი ცოტაოდენი ხისტი პოზიციიდან გამომდინარე, სხვანაირი არც უნდა იყოს შს მინისტრი, ასევე კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებისა და ეფექტიანად მოქმედების უნარიდან გამომდინარე“- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე 3 სექტემბერს გამოქვეყნდა.
სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია, რომ 2019-2020 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება აღნიშნულ პერიოდში სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ 4 საკვანძო მიმართულებაზე: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკის განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ასევე სახელმწიფო მმართველობა.
პარლამენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას კენჭს მიმდინარე კვირას უყრის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები