ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც კი საქართველოში რაღაც სასიკეთო ხდება, საოკუპაციო რეჟიმი პროვოკაციულ მოქმედებებს იწყებს
ყოველთვის უნდა ველოდოთ ასეთ გამოხტომებს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ჩვენი პოზიცია ისევ და ისევ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უნდა იყოს მიმართული, – ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. ნიკოლეიშვილი ბოლო დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, გააქტიურდეს გარკვეულ სიტუაციებთან მიმართებაში. როგორც კი საქართველოში რაღაც სასიკეთო ხდება, ისინი იწყებენ პროვოკაციულ მოქმედებებს. ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს ნატოს სწავლებებთან ან პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. არის სხვა მიზეზებიც – წარსულის მიზეზი, რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ეს სწორედ შედეგია 2008 წლის ომისა, რაც ჩვენ მივიღეთ და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვიმკით. რუსულ-ოსური მხარე ცდილობს, იმ საზღვრებში ჩაატაროს არალეგიტიმური საშუალებები, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა დაუწესა სამხრეთ ოსეთს ტერიტორიის სახით. გარდა ამისა, ვიცით რომ რუსეთს საერთაშორისო სარბიელზე გარკვეული სახის პრობლემები აქვს. გავიხსენოთ დიდი შვიდიანის შეხვედრის დროს წამოაყენეს გარკვეული საკითხები, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო რუსეთის დაბრუნება ამ დიდ ფორუმში, რასაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა წინააღმდეგობა გაუწია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, იგივე უკრაინასთან, საქართველოსთან მიმართებაში. ცხადია, ამით რუსეთი ღიზიანდება, გამომდინარე იქიდან, რომ მას სურს დაიბრუნოს ე.წ. სუპერ სახელმწიფოს ერთ-ერთი როლი, ცდილობს, თავისი გარკვეული პროვოკაციული მოქმედებებით ყურადღება მიიქციოს. რაც შეეხება თავად სიტუაციას, რაც ჩვენთვის უფრო გულსატკენი და სისხლხორცეულია, იგივე ჩორჩანას მოვლენებს თუ დავუბრუნდებით, ესკალაციის არავითარი მიზეზი არ იყო, გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ, საპოლიციო პოსტის აღჭურვა ხდებოდა იმ დონეზე, რომ გარკვეული მეტეო პირობებიდან გამომდინარე პოლიციელებს ნორმალური პირობები შექმნოდათ. ამის შესახებ იცოდნენ ოსურმა და რუსულმა მხარეებმა. მათ სცადეს გარკვეული ესკალაცია. ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იყო შსს-ს, უშიროების სამსახურის, უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსის, საგარეო საქმეთა სამინსიტროს ერთობლივი კოორდინირებული ქმედება, რამაც გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობის კვლავ კონსოლიდირება ამ საკითხთან მიმართებაში. საქართველოს შესაბამისი სტურქტურების წარმომადგენლებმა შეძლეს, რომ მოლაპარაკება ეწარმოებინათ მეორე მხარესთან, გადავიდნენ მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე , ამ მოლაპარაკების პროცესში ჩვენ მივიღთ საკმაოდ კარგი შედეგი – ერთი ის, რომ არავითარი ესკალაცია არ მოჰყოლია იმ ქმედებებს, რაც იყო წინასწარ დაგეგმილი დესტრუქციული მხარეების მიერ, ასევე პოსტი შენარჩუნდა, გარკვეული ტექნიკური საკითხების განხილვა გადავიდა ერგნეთის შეხვედრაზე. ამ შეხვედრამაც დაადასტურა, რომ პოსტი თავის ადგილას იქნება, გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში მიმდინარეობს მუშაობა“- განაცხადა ნიკოლეიშვილმა. ლევან ნიკოლეიშვილი საოკუპაციო რეჟიმის განცხადებასაც გამოეხმუარა, რომლის თანახმადაც, “ოსურმა მხარემ დაიკავა საქართველოს ბლოკპოსტის თავზე 944,8 მ. სიმაღლე, სასაზღვრო ნიშანი აღადგინა და სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართა საქართველოსთან საზღვარზე”. „გადავიდეთ პერევის საკითხზე, აქაც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. უბრალოდ საქართველოს მხარემ განაცხადა, რომ ხდებოდა პოსტის რამდენიმე მეტრით გადაწევა , ამის შესახებ მეორე მხარემ იცოდა საფეხმავლო პოსტი გახლავთ და ფეხით გადააადგილდებიან ადამიანები, ისევ მათთვის სახარბიელო სიტუაციის შექმნისთვის მოხდა ეს. ამაზე ოსურ და რუსულ მხარეებს ჰქონდათ რეაგირება, საბოლოო ჯამში, ისინიც დარწმუნდნენ, რომ არავითარი საშიშროება არ იყო. თავადაც კი გააკეთეს განცხადება, რომ პოსტები მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დროშის აღმართვას, შემდგომი ესკალაციის მცდელობებს რაც შეეხება – ჩვენ ყოველთვის უნდა ველოდოთ ასეთ გამოხტომებს მათი მხრიდან, სამწუხაროდ ესაა რეალობა. ჩვენი პოზიცია ისევ და ისევ უნდა იყოს მიმართული მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. მოლაპარაკება ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალია . ერთ-ერთი მექანიზმი რაც არსებობს, ესაა ჟენევის ფორმატი . ჩემი აზრია, რომ ჟენევის ფორმატს ამჯერად ალტერნატივა არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ფორმატის შექმნამ შეიძლება შეაჩეროს გარკვეული პროცესი. ჟენევის პროცესი უნდა გაძლიერდეს, უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. ასევე „ზეწოლები“ უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო თანამეგობრობაზე. მუდმივად უნდა ვიყოთ ამ რეჟიმში, რომ საქართველოს საკითხი არ მიეცეს დავიწყებას“- განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა. ცნობისთვის, საოკუპაციო ძალებმა სოფელ წნელისთან საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და დროშა აღმართეს. როგორც ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, 23 აგვისტოდან დღემდე „საქართველოს შსს-ს ქვედანაყოფები უკანონო ბლოკპოსტის მოწყობის სამუშაოებს აგრძელებენ”. საქართველოს პროვოკაციული ქმედება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ნაწილის ანექსიისკენ არის მიმართული. ადგილობრივების უსაფრთხოების საფრთხე იზრდება, რაზედაც მიუთითებს კვადროკოპტერის მისამართით გახსნილი ცეცხლი. ჰუმანიტარული ოპერაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს“,-ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებად სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო პოსტი ააგო, რის გაუქმებასაც ცხინვალი ითხოვს. ცხინვალმა თბილისს ულტიმატუმიც კი წაუყენა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ჩორჩანა ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება, რომელიც ცხინვალის კონტროლის ქვეშაა.
თამუნა შეყილაძე