ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და გაუმჯობესდება
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებაში და თავდაცვის ძალებში სოციალური მიმართულებით დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეტაპობრივად გაიზრდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის ანაზღაურება, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და გაგრძელდება ბინათმშენებლობის დაფინანსება.
„გაგრძელდება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, როგორც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჩვენი ღირსეული ვეტერანების, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისა და სამოქალაქო პირებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ უწყება დაჭრილი და დაშავებული სამხედროების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ღონისძიებებსაც გააგრძელებს.