ანრი ოხანაშვილი: მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება წარიმართა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ
პროცესი უნდა წარიმართოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, განვიხილოთ და მოვუსმინოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვის დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების თითოეულ წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში მიედევნებინა თვალი იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც შესაძლოა, წარდგენილ ყოფილიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად.
„ჩვენ წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ველოდებით პროცესის წარმართვას. მოგეხსენებათ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ვართ ჩართული, როგორც წამყვანი კომიტეტი, ჩვენ უზრუნველვყოფთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, შემდგომ, როდესაც დოკუმენტაცია შესწავლილი იქნება, დავიწყებთ განხილვებს და სწორედ განხილვების შედეგად გამოიკვეთება მათი მოხსენებებიდან, შეკითხვაზე პასუხიდან ჩვენი დამოკიდებულება. მთავარი არის ის, რაც ძირითადი მონაპოვარია ამ კანონის – პროცესის მაქსიმალურად გახსნა და მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვა. ეს იყო საზოგადოებრივი პროცესი, ეს გაგრძელდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტშიც, მაქსიმალურად ღიად წარიმართება ეს პროცესი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევქმენით პრეცედენტი ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის. მე არ ვიცი ოპოზიცია რითი ხელმძღვანელობს, ზოგადად ოპოზიცია ხელმძღვანელობს ბუტაფორიული სიტყვებით, იმითი, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, აკრიტიკოს სახელისუფლებო შტოები, ეს მათი სამარკო ნიშანია – არგუმენტების გარეშე კრიტიკა. შესაბამისად, არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად პოზიციები, თუკი ამ პოზიციებთან მიმართებაში არ იქნება არგუმენტები. რაც შეეხება სიას, ჩვენ სიას კი არ ვუჭერთ მხარს, ჯერ ვისმენთ თითოეულ კანდიდატს და შემდგომ ვიღებთ გადაწყვეტილებას თითოეული კანდიდატის მხარდაჭერის, თუ რომელიმესთვის მხარდაჭერის არგამოცხადების შესახებ. წინმსწრებად საუბარი ჯერ ადრეა, პროცესი უნდა წარიმართოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, განვიხილოთ და მოვუსმინოთ თითოეულ კანდიდატს და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვის დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.