ლევან ბოძაშვილი: პროცესების რადიკალიზაცია და დაძაბულობა მოიმატებს, პრაქტიკულად, ძალისმიერი საარჩევნო წელიწადი იქნება
ვთვლი, რომ პროცესების რადიკალიზაცია და დაძაბულობა მოიმატებს. ეს პრაქტიკულად ძალისმიერი საარჩევნო წელიწადი იქნება, – ამის შესახებ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.
ბოძაშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ მოწვევით პრესკლუბს სტუმრობდა.
მისი განცხადებით, ხელისუფლებას, რომელსაც საზოგადოებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, ძალოვანი უწყებების ასეთი აქტიური კონცენტრაცია არ სჭირდება.
„ვთვლი, რომ პროცესების რადიკალიზაცია და დაძაბულობა მოიმატებს. ეს, პრაქტიკულად, ძალისმიერი საარჩევნო წელიწადი იქნება. ვიცით, რომ მომავალ წელს არის საპარლამენტო არჩევნები, თუ მანამდე რაიმე ძალიან დიდი ტურბულენტობით არ მოხდა და ამან არ გამოიწვია ბუნებრივად, თუ ხელოვნურად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდება ძალოვანი სისტემების ჩართულობაზე საარჩევნო პროცესში. რაც თავის მხრივ ნიშნავს რას? – ხელისუფლებას, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საზოგადოებაში, მას არ სჭირდება ასეთი აქტიური კონცენტრაცია ძალოვანი უწყებებისა, თავისი პარტიული, მნიშვნელოვანი ფიგურების ასეთი მობილიზება ძალოვან უწყებებში. ვიცით, რომ გიორგი გახარიაც და ირაკლი ღარიბაშვილიც არიან „ქართული ოცნების“ უმაღლესი პოლიტიკური ლიდერები. როცა ძალოვან იწყებებში ხდება ამ ტიპის პოლიტიკური ლიდერების კონცენტრაცია, ბუნებრივია, ეს რაღაცა მიზეზებითაცაა გამოწვეული და მათ რაღაც დავალება, ფუნქცია, პოლიტიკური, ვიწრო პარტიულიც აქვთ შესასრულებელი“, – განაცხადა ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, ასეთი მიდგომიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ძალიან დაძაბული საარჩევნო წელიწადი იქნება.
„იქნება ძალიან დიდი რაოდენობის კიბერშეტევები, უმეტესი რაოდენობა ამ დაძაბულობისა გადატანილი იქნება ვირტუალურ სივრცეში, მედიაში, მათ შორის სოციალურ მედიაში.
ქუჩაში პროცესების განვითარებას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მონოპოლიზებული ის არეალი, სადაც შეიძლება, პროტესტი გამოიხატოს. მონოპოლიზაციაში ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი მიტინგი, რომელიც შეიძლება იყოს სამართლიანი სამოქალაქო პროტესტიდან წამოსული, დისკრედიტებული ხდება თავად “ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტებული სახელიდან, პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე”, – განაცხადა ბოძაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარიაწარადგინა.
შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს გააკეთა.შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
თამუნა შეყილაძე