დავით ზალკალიანი: „საჭიროა ჟენევის ფორმატის შეცვლა, რადგან რუსეთი მუდმივად ცდილობს მთავარი საკითხებიდან აქცენტის გადატანას“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი საჭიროდ მიიჩნევს, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას, რადგან მისი თქმით, რუსეთი მუდმივად ცდილობს მთავარი საკითხებიდან აქცენტის გადატანას და დესტრუქციული ქმედების გამო რაუნდების ჩავარდნა ხდება.
ზალკალიანი აღნიშნავს, რომ საჭიროა ასევე, ამ ქმედებას თავისი სახელი დაერქვას, რაც არ ხდება, რადგან „როდესაც ამას შეფასება არ ეძლევა, ეს ახალისებს მას, რომ შემდეგი რაუნდი იგივე სულისკვეთებით წაიყვანოს“.
ამის შესახებ ზალკალიანმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არის მცდელობები გარკვეულწილად, რომ ძირითადი ფოკუსირების თემებიდან აქცენტი გადავიდეს სხვა ისეთ მიმართულებებზე, რაც არ არის ჟენევის მოლაპარაკებების საქმე და აქედან გამომდინარე, ჟენევას ექმნება საფრთხე. ამიტომ ჩვენ ყველა პარტნიორს ვესაუბრებით ამაზე, რომ ხანდახან არის მცდელობები ჟენევის რაუნდების ჩაშლის. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება, ზუსტი სახელის დარქმევა – ვინ დგას ამის უკან, ვის გამო მოხდა ამ ფორმატის ჩაშლა. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ეს არ იყოს წამახალისებელი შემდგომი არამართლზომიერი ნაბიჯების გადადგმის“, – განაცხადა ზალკალიანმა.