ბოძაშვილი იზორიაზე – ჯობდა, კანონი შეცვლილიყო, დაზვერვის სამსახურსა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს შორის ეს შეთავსება არ ყოფილიყო

ჯობდა, დაზვერვის სამსახურსა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს შორის ეს შეთავსება არ ყოფილიყო, ან ერთი ყოფილიყო, ან მეორე, რადგან ამან შეიძლება, გადატვირთვა გამოიწვიოს, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სადაც „კვირას“ მოწვევით იმყოფებოდა.
როგორც ამ ეტაპზეა არსებული ინფორმაციითაა ცნობილი, ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ინიშნება.
როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, სწორედ აღნიშნული პოსტით შეითავსებს იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციას.
ლევან ბოძაშვილმა ლევან იზორიას კანდიდატურასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ლევან იზორია საკმაოდ გამოცდილი და კარგი კადრია, მაღალი კვალიფიკაციის იურისტია. მას აქვს უსაფრთხოების ორგანოებში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. აქ იზორიაში და მის კანდიდატურაში კი არ არის საქმე. საქმე იყო იმაში, რომ კანონი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან შემუშავდა, ითვალისწინებდა, რომ საბჭოს მდივანი მხოლოდ უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრებიდან შეიძლება, შეირჩეს. ეს წევრები არიან მინისტრები, ძირითადად, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამიტომ, ამან გამოიწვია გარკვეული გაურკვევლობა, კანონთან წინააღმდეგობა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ლევან იზორია არ იქნებოდა რომელიმე მინისტრი, ან დაზვერვის სამსახურის ხელმძრვანელი, მაშინ ის ვერ დაინიშნებოდა უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, თუ არ შეიცვლებოდა მოქმედი კანონი. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბატონი ლევანი დაინიშნებოდა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად , შესაბამისად, ეს წინააღმდეგობა აღმოიფხვრა.
აქ პრობლემა მაინც რჩება, იმ თვალსაზრისით, რომ დაზვერვის სამსახური არის ძალიან მნიშვნელოვანი უწყება ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, იმდენად დიდი მოცულობის საქმე აქვს მას. რომ კიდევ დამატებით სხვა თანამდებობრივი შეთავსება ისეთი, როგორიცაა უსაფრთხოების საბჭო, ამ შემთხვვეაში, შეიძლება, გამართლებულად ვერ მივიჩნიოთ. ჯობდა, კანონი შეცვლილიყო, ეს კოსმეტიკური ცვლილება იქნებოდა, რაც ძალიან მარტივად, ერთი-ორი კვირის განმავლობაში შეიძლებოდა, მომხდარიყო, შემდეგ მომხდარიყო ბატონი ლევანის დანიშვნა ან უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, ან დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ეს უკვე მთავრობის და პრემიერის გადასაწყვეტი იქნებოდა.
ჯობდა, დაზვერვის სამსახურსა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტს შორის ეს შეთავსება არ ყოფილიყო, ან ერთი ყოფილიყო ან მეორე, რადგან ამან შეიძლება, გადატვირთვა გამოიწვიოს“, – განაცხადა ბოძაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები