„გამოფენა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო“…

8 სექტემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გამოფენა გაიხსნება.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, ეს არის გამოფენა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო.
„თქვენ საშუალება გაქვთ, პირველად დაათვალიეროთ კლიმტის, ვან გოგის და პრერაფაელისტების მიმდევრები საქართველოში. მათ შემოქმედებას ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არ იცნობს. ეს არის ფლორენსკების საგვარეულოდან სამი და: ვალენტინა, რაისა და ოლღა, სამივე მხატვრობით იყო გატაცებული, ერთ-ერთმა მათგანმა უმძიმესი ტრაგედია გამოიარა – სასიყვარულო ისტორია, რომელსაც რომეოსა და ჯულიეტას თავგადასავალს ადარებდნენ.
ამ დიდმა ადამიანურმა სევდამ და XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში განვითარებულმა პოლიტიკურმა ქარტეხილებმა თავისი ასახვა ჰპოვა ფლორენსკების შემოქმედებაში. ამავე გამოფენაზე პირველად იხილავს ფართო საზოგადოება ფლორენსკების შთამომავლის ოლღა კონიაშვილის ნახატებს, რომელთაც შეგვიძლია, „მომავლის ფანტაზიები“ ვუწოდოთ.
ოლღა კონიაშვილის მიერ XX საუკუნის 80-90 იან წლებში შექმნილი პერსონაჟები ძალიან ჰგვანან დღეს პოპულარული ფანტასტიკური ფილმებისა თუ სერიალების გმირებს“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენისთვის დაიბეჭდა ორენოვანი ფერადი კატალოგი. გამოფენის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები