დავით ზალკალიანი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, შემუშავდა ერთობლივი სამოქმედო ზომები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სხვა საკითხებთან ერთად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც გაამახვილა.
„საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან უსაფრთოხებისა და თავდაცვის სფეროში თანამშროლობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე ვართ არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის მონაწილეობს ევროკავშირის მისიებში (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში), ასევე თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში, რომლის მესამე შეხვედრა დაგეგმილია 25 ოქტომბერს თბილისში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხს შეეხო.
„ევროკომისიასთან ერთად შემუშავდა ერთობლივი სამოქმედო ზომები, რომლებიც ითვალისწინებს კონკრეტული ქმედებების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების კუთხით. გრძელდებოდა კონსულტაციები წევრ ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების მიზნით, (დღესდღეობით, ევროკავშირის/შენგენის 20 ქვეყნიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს 15 ქვეყანა: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი, კვიპროსი, სლოვენია. მათ შორის აღსანიშნავია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა ასევე შვეიცარიამ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა 1 ოქტომბერს)“, – განაცხადა ზალკალიანმა.