გიორგი კახიანი: ამ პროცესს მთელი კვირა დასჭირდება, სულ მცირე, ხუთი დღე იმისთვის, რომ მთავრობას ნდობა გამოეცხადოს

ამ პროცესს მთელი კვირა დასჭირდება, სულ მცირე, ხუთი დღე იმისთვის, რომ მთავრობას ნდობა გამოეცხადოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ პროცესს მთელი კვირა დასჭირდება, სულ მცირე, ხუთი დღე იმისთვის, რომ მთავრობას ნდობა გამოეცხადოს. სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, რასაც სულ მცირე, ორი დღე დასჭირდება. ამის შემდგომ პარტიული პოლიტიკური ნაწილი დაიწყება, რაც გულისხმობს ფრაქციებთან და უმრავლესობასთან მთავრობის შემადგენლობის შეხვედრას, ამისთვის სულ მცირე, ორი დღე იქნება საჭირო. მეხუთე დღეს კი, შესაძლებლობა გვექნება, პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. თავის მხრივ გიორგი გახარიამ მთავრობაში გარკვეული საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან იზორია კი, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები