გია ვოლსკი: თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის მიმართ გაზრდილი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მთავარი გეგმაა, რომ თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა ამომრჩევლის მიმართ გაზრდილი იყოს.
„გიორგი გახარიას ნდობა და მხარდაჭერა ექნება, მის წარმოდგენილ კანდიდატურებსა და ცვლილებებსაც მხარდაჭერა ექნება. სამთავრობო აქტივობები და სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა ინტენსიფიცირებული იქნება. თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა გაცილებით გაზრდილი იქნება თითოეული ადამიანის, ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის, რასაც ვგეგმავთ.
საზოგადოების იმ ნაწილის გარდა, რომელიც გახარიას გადადგომას ითხოვდა საზოგადოების სხვა ნაწილიც არსებობს, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც გახარიას გადადგომას ითხოვენ, იმათაც კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეთ, რასაკვირველია.
ვფიქრობ, ეს არის მთავარი თემა, რაც ჩვენ გვაღელვებს. მთავარი თემა არის შემდეგი. პოლიტიკურმა ოპოზიციამ, გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშაულებრივ მმართველობასა და 20-21 ივნისის მომხდარ უბედურ შემთხვევებს შორის.
​ხელისუფალთა დამოკიდებულება ხალხის მიმართ არის აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული. რაც მოხდა 20 ივნისს, მე ვფიქრობ, არის თავიდან ბოლომდე დანაშაული იმ ადამიანების, ვინც პარლამენტზე შეტევა წაახალისა. რაც 2012 წლამდე მოხდა – 26 მაისი და სხვა თარიღები გავიხსნოთ. ეს იმ პერიოდის ხელისუფლების დანაშაულია თავისი ხალხის მიმართ – სიკვდილი, წამება და შეურაცხყოფა. ეს იქნება მთავარი ნიშანი, რაც სურს გააკეთოს ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფს, რომ ტოლობის ნიშანი დასვას ამათ შორის. ეს წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სტრატეგიაა და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები