ირაკლი ანთაძე: საოკუპაციო ძალების დრონი სამოქალაქო პირის სამოყვარულო დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ჩამოვარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, 1-ელ სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, ე.წ. კვადროკოპტერი, სამოქალაქო პირის სამოყვარულო დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ჩამოვარდა.
ანთაძის თქმით, ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ქართული მხარის მიერ იქნა ჩამოგდებული სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ ანთაძემ ჟურნალისტებს ერგნეთში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს.
„გუშინ, ქარელის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, კვადროკოპტერი, შეეჯახა სამოქალაქო პირის სამოყვარულო დრონს, რის შედეგადაც ორივე მათგანი ჩამოვარდა.
მოგეხსენებათ ასევე ისიც, რომ იმ წუთში გაჟღერდა უსაფძვლო ბრალდებები, ვითომ აღნიშნული დრონი ჩამოგდებული იქნა ვითომდა ჩვენი საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელიც გაიხსნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და რა თქმა უნდა, ეს მტკიცება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს.
ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი, კვადროკოპტერი, მათი კუთვნილი, რომელიც შეჯახების შედეგად ჩამოვარდა. აღნიშნულ ნივთს არ აღენიშნება არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის კვალი და შესაბამისად გაჟღერებული ეს ბრალდებები არ არის საფუძვლიანი და არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის სტანდარტული კვადროკოპტერი, რომელსაც გამოიყენებს ყველა მოყვარული. ამ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მიმდინარე ტერიტორიაზე.
ეს დრონი არის შესწავლილი და დათვალიერებული, ჩვენ ამას წარვუდგენთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რათა ბოლო მოეღოს უსაფუძვლო ბრალდებას.
დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა წარმოადგენს რამდენიმე დღის წინ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელებას. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, იმიტომ რომ ჩორჩანაშიც დავაფიქსირეთ და აქაც გვინდა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ აღნიშნული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო დაკომპლექტებულია სტანდარტული პირადი შემადგენლობით და მათ აქვთ სტანდარტული ეკიპირება, იგი არ შეიძლება იყოს რაიმე საფრთხის შემცვლელი, პირიქით, მისი ამოცანაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა.
ჩვენ გვსურს ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გრადუსის დაწევას და უპირველეს ყოვლისა საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე სოფლებში რათა დარწმუნდეს ყველა, რომ ადგილზე აუცილებელია სტაბილური გარემოს შენარჩუნება, რომ აღნიშნული პოსტი უზრუნველყოს სიმშვიდეს და სტაბილურობას და რა თქმა უნდა ის მდებარეობს ცალსახად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღნიშნული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება და ეს არ არის დღის წესრიგში.
ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილზე დაძაბულობის გრადუსის დაწევას და ბოლოს მოუღებს იმ აჟიოტაჟს, რაც მუდმივ სტრესში ამყოფებს განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ მოსულები ვართ სასაუბროდ იმ ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, გააჯანსაღებს გარემოს და ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქართული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლა არ არის დღის წესრიგში.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო ძალები ახალგორთან ე.წ. საზღვრის გადაკევტვას გეგმავენ, ანთაძე შეხვედრის მონაწილეებს ამ შეკითხვით მიმართავს.
„ვინაიდან გარკვეული პერიოდულობით და გამოგონილი მიზეზით ხდება ხოლმე ამგვარი ქმედებები, რაც უკანონოდ ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების უფლებას და არ უწყობს ხელს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. მე მივმართავ შესაბამის მონაწილეებს ამ კითხვებით, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში საჭიროა სიზუსტე და ინფორმაცია უნდა მივიღოთ უშუალოდ პირველწყაროსგან“, – აღნიშნა ანთაძემ.