გერმანელ დეპუტატებს ე.წ. არჩევნებზე ოფიციალური სტრუქტურებიდან უფლებამოსილება არ გააჩნდათ – საგარეო უწყება
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებზე დამსწრე პირებს არ ჰქონდათ არანაირი უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომელ სტრუქტურასაც ისინი წარმოადგენენ.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი გერმანელი დეპუტატის ყოფნა პირადი სახის ვიზიტი იყო. „საგარეო საქმეთა სამინისტრო პრევენციულ რეჟიმში მუშაობდა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებზეც გაიჟღერა გარკვეულმა ინფორმაციამ, მათ შორის აფხაზურ პრესაში. გაცილებით მაღალი შეიძლება ყოფილიყო ციფრი იმ ე.წ დამკვირვებლებისა, რომ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრევენციული ღონისძიებები. რაც შეეხება ამ ორ, კონკრეტულ დეპუტატს გერმანიიდან, არც ერთ შემთხვევაში, მათ არ ჰქონდათ არანაირი უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომელ სტრუქტურასაც, ასე ვთქვათ, ისინი წარმოადგენენ. ეს იყო პირადი ვიზიტი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, გერმანელი დეპუტატები, რომლებიც აფხაზეთში იმყოფებოდნენ, რუსული გავლენის ქვეშ იყმოფებიან. ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები გაიმართა, რომელსაც, პირველად, ჩინელი და გერმანელი დამკვირვებლები აკვირდებოდნენ.