თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის პირველი ნაწილი გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას დაეთმო. მეორე ნაწილში ყურადღება ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მსვლელობისას, მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით, შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით ისწავლეს და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას თუ კბენის შემთხვევაში.
შეხვედრისას გამართული დისკუსიის დროს, გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს.
შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები – “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეხვედრებს გააგრძელებს.