„არ წავშლით ვაჟას ნაკვალევს თონეთში“…
მწერალი დათია ბადალაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დიდ თონეთში არსებული და უკვე ყოფილი სოფლის კლუბის ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს, სადაც ერთხანს ვაჟა-ფშაველა ცხოვრობდა ოჯახით.
„სოფელი დიდი თონეთი და გორა, სადაც ვაჟა- ფშაველა ორი წელი ასწავლიდა. თავის დროზე ეს შენობა ორთვალიანი იყო, რიკულებიანი აივნებით. ერთ თვალში სკოლა იყო, მეორე თვალში ვაჟა ცხოვრობდა ჯალაბით.
როგორც ამბობენ, აქ ეყოლა ლევანი, რომელიც, მოგვიანებით, კომუნისტებმა შეიწირეს. აქ დაწერა შვლის ნუკრის ნაამბობი და სხვანი, რითაც ასეული წლებით გაუსწრო დროს.
ადამიანებმა, რომლებიც ვაჟას სახით შემოსულ განათლებას ებრძოდნენ, იძულებული გახადეს, აქედან წასულიყო.. მერე ეს შენობა სოფლის კლუბად გადაკეთდა და რიგი მიზეზების გამო ჩამოიქცა კიდეც.
ამ წლის ივნისში, გიორგი კეკელიძის, მუნიციპალიტეტის და სხვა კეთილი ადამიანების დახმარებით, აღდგა დიდ თონეთში ბიბლიოთეკა და ჩატარდა ვაჟაობა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით არ წავშლით ვაჟას ნაკვალევს თონეთში, დავაბრუნებთ მის იდეებს.
ჩვენი მიზანია, ამ ადგილას აშენდეს თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც იქცევა მწერლების, ბიბლიოთეკარების და მასწავლებლების კულტურულ სივრცედ. მე მჯერა, რომ შევძლებთ, ვაჟას სული დაგვეხმარება“, – წერს დათია ბადალაშვილი ფეისბუქის გვერდზე.