ვლადიმერ კონსტანტინიდი: საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები ამძიმებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში
გუგუტიანთკარში დაძაბული მდგომარეობის პირობებში, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების გაგრძელება, ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას წარმოადგენს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო.
იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას.
საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში.
ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა.
მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.