სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის საკითხი – რა წერია აუდიტის ანგარიშში

აუდიტის სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში საუბარია სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, საბინაო ფონდის მართვის ნაკლოვანებებზე.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საბინაო ფონდის სიმცირის გამო მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფოსგან სამსახურებრივი (დროებითი) ბინა არ მიუღია, ხოლო ვინც მიიღო, მხოლოდ მცირე ნაწილმა დაუბრუნა სამინისტროს დაკავებული ფართი (ზოგიერთმა მათგანმა ბინა საკუთრებად დაირეგისტრირა, ხოლო გარკვეული ნაწილი არაკანონიერად აგრძელებს ბინის გამოყენებას).
“მოქმედი კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს სახელმწიფო. საბინაო ფონდიდან მოსამსახურეს უნდა მიეცეს სამსახურებრივი დანიშნულების (დროებითი) საცხოვრებელი ბინა, რომელიც, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, უნდა ჩააბაროს სამინისტროს. ზოგადად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მათ შორის, არც კონტრაქტით დასაქმებულებისთვის, ბინის საკუთრებაში გადაცემა გათვალისწინებული არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს 2007 წელს დამტკიცებული კონტრაქტის ნიმუში, რომელიც ითვალისწინებდა შესაბამისი სამხედრო მოსამსახურისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემას.
კონტრაქტის ეს ფორმა 2009 წლიდან შეიცვალა ისეთი ნიმუშით, რომელიც ბინის საკუთრებაში გადაცემას აღარ ითვალისწინებს, მაგრამ სამინისტროს წარმოექმნა ვალდებულებები იმ სამხედრო მოსამსახურეების (დაახლოებით, 2300 მოსამსახურე) მიმართ, რომლებმაც ზემოხსენებული (2007 წელს გაფორმებული) კონტრაქტების ვადა დაასრულეს. მათგან დაახლოებით 750 პირს ჯერ კიდევ მისაღები აქვს ბინა. აღნიშნულ პირებს სამინისტრო ოფიციალურად (მინისტრის წერილებით) დაპირდა ვალდებულების შესრულებას 2020 წლის ბოლომდე. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამხედრო მოსამსახურეებს ბინა შეიძლება გადაეცეთ საკუთრებაში, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარკვეული კრიტერიუმებით (მაგალითად, დაღუპული ან დაჭრილი მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ბინის გადაცემა). საბინაო ფონდის სიმცირის გამო, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვან ნაწილს, სახელმწიფოსგან სამსახურებრივი (დროებითი) ბინა არ მიუღია, ხოლო ვინც მიიღო, მხოლოდ მცირე ნაწილმა დაუბრუნა სამინისტროს დაკავებული ფართი (ზოგიერთმა მათგანმა ბინა საკუთრებად დაირეგისტრირა, ხოლო გარკვეული ნაწილი არაკანონიერად აგრძელებს ბინის გამოყენებას). ზუსტი სია და მონაცემები იმ პირებისა, რომლებსაც ესაჭიროებათ დროებითი საცხოვრებელი ბინა სამსახურებრივი სარგებლობისთვის, არ არსებობს და საჭიროებს შესწავლა/დაზუსტებას. აუდიტის პერიოდში სამინისტროს მიერ ვერ მოხერხდა ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების სახეობების მიხედვით ზუსტი კრებსითი და ანალიზური მაჩვენებლების მოწოდება. ვერ დგინდება სულ რამდენი და რა ფართის საცხოვრებელ ბინებს ფლობდა სამინისტრო, რამდენი იქნა პრივატიზებული უშუალოდ სამინისტროს თანამშრომლებზე, რამდენი ბინა გადაეცათ საკუთრებაში დევნილებს ან სხვა კატეგორიის მოქალაქეებს. აღნიშნულის მიზეზად, სამინისტროს მიერ სახელდება ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში შესაბამისი უწყებები ისე ახორციელებდნენ მათ ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების პრივატიზებას, რომ ზოგ შემთხვევაში ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას არ აწვდიდნენ თავდაცვის სამინისტროს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბინები იქნა გადაცემული საკუთრებაში საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას დაექვემდებარა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინების დიდი ნაწილი, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რამდენი ასეთი ბინა იქნა პრივატიზებული აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე, ვერ იქნა წარმოდგენილი. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში 7 აუდიტის მიმდინარეობისას ჯლუსის ცენტრების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის მაისის მდგომარეობით სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა დაახლოებით, 18,591 ბინა, საიდანაც, 13 451 ბინა წლების განმავლობაში პრივატიზებულია, 1 883 ბინაში არაკანონიერად შეჭრილი პირები ცხოვრობენ, 255 დაკეტილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, 330 საცხოვრებლად უვარგისია, 1 063 ბინაში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები ცხოვრობენ, 1538 დაკავებულია ფლობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტის საფუძველზე, 71 ბინა კი, თავისუფალია”, -აღნიშნულია ანგარიშში

აუდიტის სამსახურის ცნობით, 2019 წლის მაისის მდგომარეობით, სამინისტროს თავისუფალ განკარგვაში, დაახლოებით, 71 ბინა ჰქონდა.

“ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დააზუსტოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებსაც ეკუთვნით და ესაჭიროებათ საცხოვრებელი ფართი და შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამსახურებრივი ბინით სარგებლობის წესისა და კრიტერიუმების შემუშავებას”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები