ანგელა მერკელი გერმანიიდან პოლონეთში აშშ-ის სამხედროების შესაძლო გადაყვანის საკითხს გამოეხმაურა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ბერლინი თავდაცვით ხარჯებს გაზრდის, რათა ამ გზით ნატო-ს მიზნებს მიუახლოვდეს.
კანცლერმა განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსნები უფრო აქტიურად საუბრობენ გერმანიიდან პოლონეთში სამხედროების გადაყვანის საკითხზე.
როგორც რამდენიმე დღის წინ Twitter-ის საკუთარ გვერდზე პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, ჟორჟეტ მოსბახერმა დაწერა, სამხედროების გადაყვანის მიზეზია ის, რომ „პოლონეთი ნატო-ს ვალდებულებებს ასრულებს და მის თავდაცვაზე მშპ-ს 2% იხდის. გერმანია კი ამას არ აკეთებს“.
ამასთან, ანგელა მერკელი აღნიშნავს, რომ აშშ-ს აქვს მკაფიო მიზეზი იმისა, რომ გერმანიაში საკუთარი ჯარი განათავსოს.
„ვფიქრობ, გერმანიაში დისლოკაციის ადგილები, ასევე, კარგია ამერიკელი ჯარისკაცებისთვის. ამ სამხედრო ბაზებში დიდი ინვესტიციები ჩაიდო. არსებობს მკაფიო მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ დისლოცირებული სამხედროები გერმანიაში. ამასთანავე, ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ჩვენი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავდაცვითი შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც პოლონეთში როტაციის საფუძველზე ათას ამერიკელ სამხედროს განათავსებენ.
ტრამპის განმარტებით, სამხედროები გადაყვანილი იქნებიან გერმანიიდან ან სხვა ქვეყნიდან.„არ ვაპირებთ ევროპაში დამატებითი ჯარისკაცების გადასროლას“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები