აშშ საკუთარი ჯარის გერმანიიდან პოლონეთში გადაყვანას გეგმავს

აშშ გეგმავს, საკუთარი ჯარი გერმანიიდან პოლონეთში გადაიყვანოს. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, ჟორჟეტ მოსბახერმა დაწერა. მისი თქმით, გერმანიისგან განსხვავებით, პოლონეთი ნატოს ვალდებულებებს ასრულებს და მის თავდაცვაზე მშპ-ს 2% იხდის. ამ საკითხში პასიურობის გამო, აშშ ფიქრობს, საკუთარი ჯარი პოლონეთში გადაიყვანოს.
„პოლონეთი ნატოს წინაშე ვალდებულებებს ასრულებს მშპ-ს 2%-ის დონეზე. გერმანია ამას არ აკეთებს. გვსურს, რომ ამერიკული სამხედროების დისლოცირება გერმანიიდან პოლონეთში მოხდეს“, – დაწერა ელჩმა.
პოლონეთის მთავრობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, რომ თეთრმა სახლმა პოლონეთში მუდმივ საფუძველზე სამხედრო ბაზის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო, მხარეებს მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარება რჩებოდათ. ამის შესახებ მაშინ, პოლონეთის პრეზიენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ბაზისთვის ინფრასტრუქტურის შექმნას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება. დუდას აზრით, ამერიკული ბაზის შექმნა პოლონეთის უსაფრთხოებას გაზრდის და რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი გახდება.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, ანჯეი დუდა ვაშინგტონშიც იმყოფებოდა, სადაც აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს შეხვდა. პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ვარშავას, სამხედრო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, 1,5-2 მილიარდი დოლარი გამოეყოფა. დუდამ მაშინ განაცხადა, რომ ბაზას, შესაძლოა, „ფორტ ტრამპი“ დარქმეოდა.
საკითხს მოსკოვშიც გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ პოლონეთში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების გეგმა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ბაზის განთავსება მოსკოვს აიძულებს, რიგი დამატებითი „სამხედრო-ტექნიკური ზომები“ მიიღოს, რომელიც ახალ პირობებში რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
პოლონეთში ამჟამად 3,5 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე როტაციის საფუძველზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები