ვახტანგ ჭარაია რთველზე: მნიშვნელოვანია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობა და ის, რომ რთულ მომენტებში მათ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია მეღვინეობის დარგში  რთველთან დაკავშირებულ მოსალოდნელ სირთულეებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„შეიძლება, ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, თუმცა, სამწუხაროდ, რთული ზაფხული გვიდგას.
კარს მომდგარია რთველი, რომელიც შარშან პირველად გადაგორდა სუბსიდირების გარეშე, თუმცა წელს, სავარაუდოდ, გაჭირდება, თანაც შარშანდელზე მაღალი მოსავლის მოლოდინის პირობებში და ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზარზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლების (მაისში – 4.5 მილიონი ბოთლი, ივნისში – 4.2 მილიონი, ივლისში – 3.6 მილიონი) და მომდევნო სირთულეების მოლოდინის გამო. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, არც გლეხი   დაზარალდეს და იმაზე ნაკლები ფასით არ მოუწიოს მოსავლის ჩაბარება, რაც მას არ აწყობს და არც ღვინის კომპანიას მოუწიოს ტვირთის საკუთარ თავზე აღება და იმაზე მეტი ყურძნის მიღება, ვიდრე მას სჭირდება. სასიკეთო იქნება, თუ ღვინის ეროვნული სააგენტო მოახერხებს ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციაში კომპანიების დახმარებას, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ეს, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
არის პოზიტივიც, მაგალითად: ექსპორტის ზრდა (2019 წლის იანვარ-ივლისში 12.3 პროცენტით, წინა წელთან). თუმცა, საერთო ნეგატიურ ფონთან მიმართებით, ეს საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, მთავრობამ ამ ცხელი ზაფხულიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობაც, რომელთაც ქვეყნის წინაშე, აგრეთვე, უნდა გაითვალისწინონ თავისი წილი პასუხისმგებლობა და რთულ მომენტებში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ. იგივე ეხება ბიზნესსექტორსაც, რომელზედაც დიდწილად გადის ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული მუშაობა, როგორც მინიმუმ ლარიზაციის პროცესისთვის ადეკვატური ბალიშების უზრუნველსაყოფად  და, რა თქმა უნდა, საზოგადოების თანადგომა ეროვნული ეკონომიკისადმი, იმპორტირებული პროდუქციის (სადაც შესაძლებელია) მეტი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლების ჭრილში და მეტი ადგილობრივი სერვისის მოხმარების კუთხით (აქ უკვე ქართულმა ბიზნესმაც უნდა გაითვალისწინოს ქართველი მომხმარებელი და მისი ინტერესები)”, – წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები