ნინო ლომჯარია გვარამიას საქმეზე: არსებობს კითხვები, არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია

0

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნიკა გვარმიას საქმე რთულ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს და მნიშნელოვანია არსებობდეს მტკიცებულებბეი, რომ დავა სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს წარმოადგენს.
ამის შესახებ ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი პროოცესს თვალს ადევნებს.
„დღეს ნიკა გვარამიას და მის ადვოკატს შევხვდი, მოვისმინე მათი არგუმენტაცია. მაღალია საჯარო ინტერესი ამ საქმის მიმართ და იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა გვარამია წარმოადგენდა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორს და არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მის მიმართ დაწყებული დევნა ხდება სახალხო დამცველის ინტერესის საგანი. ჩემი შეფასებით, არის რთული სამართლებრივი საკითხი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სათანადო მტკიცებულებები, დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული დავა წარმოადგენს სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ მეტი მტკიცებულება უნდა წარადგინოს.
„ვაპირებთ, როცა დაიწყება სასამართლო, ყოველ შემთხვევაში ვეცდებით, ჩავერთოთ და წარვადგინოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება სწორედ განსჯადობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, თუ სამოქალაქო განსჯადობის თემაა. ვფიქრობ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს განზრახვა, რაც აუცილებელია ამ ტიპის დანაშაულისთვის. ამ ეტაპზე, ჩემი წარმოდგენითა და მოსაზრებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს განზრახვასთან დაკავშირებით. თუმცა, მზად ვართ, შევხვდეთ პროკურატურასაც და ის კითხვები, რაც დღეს გამიჩნდა გვარამიასთან და მის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მოვისმინო ამ კითხვებზე მათი პასუხიც. ამასთან, მინდა, განვაცხადო, რომ პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, უნდა გაასაჯაროოს ამ საქმის გარშემო ინფორმაცია. პროკურატურას ასევე მოვუწოდებ, კომენტარებში მაქსიმალურად შეიკავონ თავი ისეთი ტიპის განცხადებებისგან, რაც რეალურად ბრალდებულის დისკრედიტაციას ემსახურება. ამ შემთხვევაში, მის ბინებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ვგულისხმობ, რომელიც არ არის ბრალში ასახული“, – აღნიშნა ლომჯარიამ.
ამასთან, მისი თქმით კითხვებს აჩენს აღკვეთის ღონისძიებად გვარამიას მიმართ გირაოს მოტივიც.
„ჩემთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს, რომ მოწმეზე ზეწოლის თავიდან არიდების მოტივით გამოიყენა სასამართლომ გირაო. მიჩნდება კითხვები, როგორ შეიძლება, უზრუნველყოს გირაომ, რომ ბრალდებულმა არ მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე. ესაა კითხვები, რაც გვაქვს და არის ბევრი კითხვა კონტექსტიდან გამომდინარეც და სამართლებრივიც. ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიქნებით ჩართული ამ საქმეში მისი მიმდინარეობის დროს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი