ჰონგ კონგში პოლიციის მიერ დახურულ სივრცეში გამოყენებული რეზინის ტყვიების გამო ერთმა ქალმა თვალი დაკარგა
ჰონგ კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება მოხდა.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები ხელისუფლების მიერ სანქცირებული მშვიდობიანი აქციის შემდეგ დაიწყო. არეულობამ და დაპირისპირებამ მეტროშიც გადაინაცვლა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში – დახურულ სივრცეში გამოიყენა. ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვია ქალს მოხვდა სახეში. ექიმები თვალის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ.
მომხდარი მეტროსადგურ „ტაი კუ“-ში ვიდეოკამერებზეა დაფიქსირებული. ჩანს, აგრეთვე, რომ პოლიციელები ხალხის წინაღმდეგ ხელკეტებს მოძრავ ესკალატორზე იყენებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო, ჰონგ კონგის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიკეტა და იქ რეისების ნაწილი გაუქმდა.
მილიონიანი საპროტესტო აქციები ჰონგ კონგში ათი კვირის წინ დაიწყო. ის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის შეტანამ გამოიწვია. ეს კანონი, მიღების შემთხვევაში, ჰონგ კონგიდან ჩინეთში ეჭვმიტანილების ექსტრადიციას შესაძლებელს გახდიდა. კანონი გაურკვეველი ვადით უკან გაიწვიეს, თუმცა დემონსტრანტები მასზე სამუდამოდ უარის თქმასა და თან ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვენ.
https://www.bbc.com/news/av/world-asia-china-49317261/hong-kong-protests-violence-erupts-in-train-stations
ინფორმაციას მომხდარის შესახებ აზიური მედია აქტიურად აშუქებს.