არსებობს თუ არა საქართველოში “ღორის აფრიკული ცხელების” “აფეთქების” საფრთხე – სეს-ის უფროსის მოადგილის განმარტება

საქართველოში “ღორის აფრიკული ცხელება” არ ფიქსირდება – ქვეყანა ამ დაავადებისგან თავისუფალია.
ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, “ღორის აფრიკული ცხელება” ინფექციური დაავადებაა და საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ ქვეყანაში იმპორტირებული ხორცის შემოტანისა და მისი კონტროლის სისტემა კარგად მუშაობს, შესაბამისად, ამ ეტაპზე არავითარი საფრთხე არ არსებობს.
ბასილაძემ განმარტა, თუ რა პრინციპით მოქმედებს ქვეყანაში ხორცის შეტანა.
„იმპორტირება ხორციელდება ინსპექტირებული საწარმოებიდან. ეს იმაში ნიშნავს, რომ თუ ქვეყანა არ არის მიჩნეული კეთილსაიმედოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ჩადიან ადგილზე, სწავლობენ ვითარებას, ათვალიერებენ საწარმოს, საიდანაც უნდა მოხდეს ღორის ხორცის შემოსვლა ქვეყანაში. მხოლოდ ამის შემდეგ ვაძლევთ უფლებას ბიზნესოპერატორს, განახორციელოს ხორცის შემოტანა საქართველოში“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, ხორცის კონტროლი ხორციელდება საბაჟოზე, ამის შემდგომ სეს-ი ხორცის შიდა ბაზარს უწევს აქტიურ კონტროლს.
„საკმაოდ კარგი მექანიზმი არსებობს ხორცპროდუქტების კონტროლის როგორც იმპორტირებული, ასე – ადგილობრივი“, – განმარტა ბასილაძემ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ცხოველთა დაავადების შეტყობინების სისტემამ ბულგარეთში, რუმინეთში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და უკრაინაში „ღორის აფრიკული ცხელების” “აფეთქების” შესახებ განაცხადა.
მაგალითად, ბულგარეთი, სადაც 600 ათას ღორის დაკარგვის საფრთხეა, ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების სახით, 2,9 მლნ ევროს მიიღებს.
ივლისში კი მოლდოვამ უკრაინიდან და რუმინეთიდან ღორის ხორცის შეტანა აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები