არჩილ ფრანგიშვილი: ახალი სისტემა განათლების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოტრის სამინისტროში გახდა ცნობილი.
რა ცვლილებებია მოსალოდნელი, როგორ აისახება ახალი მოდელი უნივერსიტეტებზე, და აბიტურიენტებზე? – ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი:
„პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ უნივერსიტეტი არის ავტონომიური, როგორც ორგანიზაციული, ისე აკადემიური კუთხით – ჩვენ გვთავაზობენ მინიმალურად აუცილებელ ზღვარს, რომელიც უნდა გადალახოს აბიტურიენტმა, რათა გახდეს სტუდენტი. სხვა დეტალები უნივერსიტეტის პრეროგატივაა. უნივერსიტეტს შეუძლია დამატებითი გამოცდები შემოიღოს, მათ შორის უნარებშიც.
ამაში შეზღუდვა არ არის. რაც შეეხება შემოთავაზებულ ახალ მოდელს: თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ საგანმანათლებლო სისტემაში დღეს პრიორიტეტი არის ხარისხის ამაღლება, ეს ეხება როგორც სწავლებას ისე კვლევებს, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მსგავსი მოთხოვნები, მაგალითად, ტექნოლიოგიურ და ტექნიკურ მიმართულებაზე, აუცილებელია. მოვიყვან მარტივ მაგალითს: ტექნიკურ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში, დამატებით ჩადებულია 16 ათასი საათი მათემატიკა-ფიზიკაში. იმისათვის, რომ პირველკურსელი მივიყვანოთ საუნივერისტეტო მოთხოვნამდე და პირდაპირ უმაღლესი მათემატიკით არ დავაწყებინოთ სწავლა, საჭიროა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი, რომელსაც ჩვენ გავიღებთ, რათა ვიტვირთოთ სკოლის ფუნქცია, რაც არ არის კარგი. გამოდის, რომ ეს დატვირთვა უკვე გადადის სკოლაზე, თუ მოსწავლეს უნდა გახდეს სტუდენტი ტექნიკური ან ტექნოლოგიური მიმართულებით, მას სკოლაში მოუწევს მათემატიკის კარგად სწავლა, რაც შესაბამისად, იმოქმედებს სწავლის ხარისხზე – შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლას მომზადებული სტუდენტი გააგრძელებს. მაგრამ, პირველი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყველა დეტალი კომპლექსურად უნდა შევაფასოთ. შემოთავაზებული მოდელი – ახალი სისტემა, განუყოფელი იქნება ფინანსურ მოდელისგან, რომელსაც, რეფორმის ფარგლებში, უკვე ამზადებს სამინისტრო. იმედია, რომ ამ ორი მოდელით შექმნება სისტემურ მიდგომა, რაც ასახვას ჰპოვებს აკადემიური კუთხით.
უნდა მოხდეს ორი მოდელის მაქსიმალური ჰარმონიზაცია, რაც შექმნის ერთიან კომპლექსს. ჩვენ შედეგად მივიღებთ, როგორც მდგრად ფინანსურ, ასევე საწყის მდგრად აკადემიურ მდგომარეობას. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სკოლის მოსწავლეებმა პროგრამა უნდა იცოდნენ კარგად, გამოცდებზე კი გამოტანილი იქნება სასკოლო პროგრამა. განათლების ხარისხზე ორიენტაცია არის აუცილებელი, მაღალი ხარისხი კი დამოკიდებულია საწყის ბაზაზე, რაც სადავო არაა“ – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამინისტროს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას 4 სავალდებულო გამოცდიდან 3 გამოცდამდე, და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისათვის. საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტურებული მსჯელობის უნარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები