ეკა ბესელია: საშემოდგომო სესიაზე დავაინიცირებ კანონპროექტს, რომელიც მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ახალი კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ამის შესახებ მან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბესელიას თქმით, კანონპროექტი მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას 12 წლამდე ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხება. დეპუტატის განმარტებით, “მძღოლი ვალდებული იქნება, 12 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანა უზრუნველყოს სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ბავშვის სიმაღლესა და წონასთან”.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენელები ესწრებოდნენ, მსჯელობა „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე გაიმართა.
ეკა ბესელიას განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი ჯერ კიდევ გასულ წელს იყო შექმნილი, რომლის ფარგლებშიც მუშაობა მიმდინარეობდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გარკვეულ საკითხებზე და ერთ-ერთი საკითხი ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოებას უკავშირდება.
„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ავარიებისა და ავარიების შედეგად ბავშვების დაშავების, დაზიანების და გარდაცვალების. აქედან გამომდინარე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებთანაც ჩვენ დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ და ვპარტნიორობთ, გაჩნდა იდეა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობდეს სპეციალური საშუალებების გამოყენების ვალდებულება იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ იმგზავრონ.
შესაბამისი პროექტი მზად არის და ინიცირების დაწყებამდე მას კიდევ ერთხელ გადავუგზავნით ყველა უწყებას, მათ შორის –  შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროას და არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ რაიმე კომენტარები და მოსაზრებები იქნება გამოთქმული, კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიმსჯელებთ”, – აღნიშნა დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა.
მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრაზე კიდევ ერთი იდეა გამოითქვა, რაზეც მსჯელობაც გაიმართა; კერძოდ, სავალდებულო გახდეს უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძლით მგზავრობის დროს ისევე, როგორც ეს სავალდებულოა წინა სავარძლით მგზავრობისას.

„ამაზეც გვჭირდება დროული კონსენსუსი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების შექმნას”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები