ზელენსკიმ და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საუბარი დონბასში 6 აგვისტოს სროლის შედეგად 4 უკრაინელი სამხედროს დაღუპვის საკითხის განხილვის ფონზე შედგა.
როგორც ზელენსკიმ კიევში ბრიფინგზე განაცხადა, „სასწრაფოდ დავურეკე მას, ვუთხარი, რომ ეს ფაქტი მშვიდობასთან არ გვაახლოვებს. ძალიან გთხოვთ, გავლენა მოახდინოთ მეორე მხარეზე, რომ ჩვენი ხალხის დახოცვა შეწყვიტონ. მეორე საკითხი, რომელსაც შევეხე, იყო ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ განაღმვის სამუშაოებს, ასევე, უკრაინელი მესაზღვრეების დაბრუნების საკითხს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკისა და პუტინის დღევანდელი საუბარი რიგით მეორეა. პირველად ორი ქვეყნის ლიდერებმა 11 ივლისს ისაუბრეს, როდესაც დონბასის კონფლიქტის დარეგულირება განიხილეს.
6 აგვისტოს სროლასთან დაკავშირებით ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთანაც გამართავს სატელეფონო საუბარს.
დღეს, ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.