“ჩვენთვის მეტი ტემპია მისაღები, მაგრამ ვიცით, მსოფლიო რა მდგომარეობაშია და ამ შემთხვევაში ამერიკის როლი და პასუხისმგებლობაც გასაგებია” – ვოლსკი

“საუბარი თუ შედგა, ეს ნიშნავს, რომ ორმა მოკავშირემ ის საქმიანი ურთიერთობა აღადგინა, რაც ახასიათებდა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა,

ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, რას ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობები. ამ პროცესის პოზიტიური ნაწილია ის, რაც მოხდა. ზარიც არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. მარკო რუბიო ამერიკის სახელმწიფო მდივანია, რომელსაც ლაპარაკის უფლებამოსილება სახელმწიფოს მხრიდან აქვს. ეს იყო საქმიანი საუბარი, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა. ასეთი პროცესი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს არასწორი ინტერპრეტაციები, რასაც ვისმენთ.

ეს გულდასაწყვეტია, რადგან ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლოთა ერთი დიდი ბრიგადა, რომელიც ცდილობს, ნებისმიერი საკითხი თავისი ბნელი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. თუ რაიმე პოზიტიური ხდება, ამას ინტერპრეტირებას უკეთებს, რომელიც რეალობისგან მოწყვეტილია. არც იციან, რაზეა საუბარი. ზოგადად, საუბარია რეგიონზე, მის უსაფრთხოებაზე, შავ ზღვაზე. რასაკვირველია, რეგიონის უსაფრთხოება მოწყვეტილი არ არის ახლო აღმოსავლეთის თემისგან. თუ საუბარი შედგა, ეს ნიშნავს, რომ ორმა მოკავშირემ ის საქმიანი ურთიერთობა აღადგინა, რაც ახასიათებდა.

სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელი-სათაური იყო სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე და იმის იქით შინაარსი არ იყო. ჩვენთვის საქმიანი ურთიერთობა გასაკვირი არ არის, მისასალმებელია. ჩვენთვის მეტი ტემპია მისაღები, მაგრამ ვიცით, მსოფლიო რა მდგომარეობაშია და ამ შემთხვევაში ამერიკის როლი და პასუხისმგებლობაც გასაგებია“, – თქვა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები