თვალადის სკოლის ეზოში კავთისხევის „მწვანე კინოკლუბმა“ ფილმების ჩვენება გამართა

კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ თვალდის საჯარო სკოლის ეზოში, კავთისხევის „მწვანე კინოკლუბმა“ ნარჩენების სეპარირებაზე ბავშვებს ფილმები უჩვენა და მის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მწვანე კინოკლუბის“ წევრების მიზანია, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ხელი შეუწყონ მოსახლეობაში ნარჩენების მართვის კულტურის ჩამოყალიბებას.
ფილმის პირველი ჩვენება „მწვანე კინოკლუბმა“ ქალაქ გორში ფესტივალზე – „უთხარი არა პლასტმასს“ გამართა.
კლუბის დაარსების დღიდან, უარი თქვეს მაღაზიიდან წამოღებულ პოლიეთილენზე და მეორადი მაისურებისგან ხელნაკეთი ჩანთები დაამზადეს. მეორადი, ნარჩენი სკოლის ავეჯისგან კი – საჭირო და გამოსაყენებელი ნივთი შექმნეს. მხატვარ ზურა ცოფურაშვილთან და ელენე გაბრიჩიძესთან ერთად, მიტოვებული სკოლის სარდაფში ნაპოვნი, მეცხრამეტე საუკუნის მერხისგან და დაფისგან, საკუთარი ხელით ახალი, მულტიფუნქციური „ავეჯი“ შექმნეს”.
„მწვანე კინოკლუბის“ ღონისძიებებით სოფელი კმაყოფილი და დაინტერესებულია, ისინი ითხოვენ ხშირად აჩვენონ მსგავსი ფილმები, – აღნიშნეს კლუბის წევრებმა.
საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის იყოს ნარჩენების შემცირებაზე, სეპარირებულად შეგროვებასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული. ამავე დოკუმენტებით აღებული ვალდებულების მიხედვით, 2025 წლისთვის გამართული უნდა გვქონდეს ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტმასის სეპარირებულად გადამუშავების სისტემა. 2019 წლიდან, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ნარჩენების სეპარირების ვალდებულება, რომლის სახელმწიფო დონეზე შესრულებისთვისაც მოქალაქეების ინფორმირებულობა, ღიაობა და ჩართულობა გადამწყვეტია.
კავთისხევის „მწვანე კინოკლუბის“ მხარდამჭერები არიან –  თვალადის საჯარო სკოლა და კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის ადმინისტრაციული ერთეული.
ღონისძიება გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით.
„მწვანე კინოკლუბი“ „აჰუაჰუ – ფონდი კულტურის განვითარებისთვის“, ორგანიზაცია CENN-ის USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში და USAID-ის დაფინანსებით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები