თორმეტი სტუდენტი სტაჟირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაივლის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იმ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც სტაჟირების კურსს სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში გადიან.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, ლევან დავითაშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ეძლევა, დაგროვილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს და საუკეთესო გამოცდილება მიიღოს.
„სამინისტრო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა. თქვენ იცით, რომ გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. სამინიტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტს განსაკუთრებული როლი აქვს იმ სტანდარტებისა და მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომლებზეც ვმუშაობთ. თქვენი ახალგაზრდული შემართება ჩვენთვის არის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი, ხოლო ჩვენი უწყება არის ადგილი, სადაც თქვენ სულ სხვა მასშტაბით, სხვა ჭრილში დაინახავთ არსებულ გამოწვევებს, ასევე, სხვა მასშტაბით გაიაზრებთ და საკუთარი შესაძლებლობებით ჩაერთვებით საქმიანობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არაერთ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს. სამინისტროში მუდმივად ხდება ახალგაზრდა კადრების დასაქმება.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტმა, სალომე გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ, გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, როგორც რიგითი მოქალაქისა და გარემოსდაცვითი მენეჯერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტ დროს  ზუსტ ადგილას მოხვდეს,  გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტში სტაჟირება კი  მას მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ბერაძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები