„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია – „ქართული ნატურალური პროდუქტები“ მინსკში „ქართულ სახლს“ ხსნის

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია – „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში „ქართულ სახლს“ ხსნის, რომელიც ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
როგორც “კვირას” ფონდიდან აცნობეს, „ქართული სახლი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორისაა საგამოფენო სივრცე, ქართული რესტორანი, მარანი, თონე, VIP ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის. თითოეული მათგანის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა. ამ მიზნით, ბელარუსიის რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოდან სპეციალურად გაიგზავნება  ქვევრი, საწნახელი და თიხის ჭურჭელი. ქართული რესტორანი, მარანი და თონე კი ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ დააგემოვნონ, არამედ შეისყიდონ ქართული პროდუქცია.
„ქართული სახლის“ გახსნის ცერემონიალისთვის საქართველოდან ბელარუსში გაიგზავნება ქართული წარმოების ყველა ის ღვინო, რომელსაც აკრედიტაცია აქვს მიღებული „ღვინის ეროვნული სააგენტოსგან“. ასევე, სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, „ქართული სახლში“ განთავსდება მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები.
„ქართული სახლი“ ოფიციალურად 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მიიღებენ. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტების“ დახმარებით, ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, 6-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, რომელიც მინსკში, გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, „ქართული სახლში“ განთავსდება.
საკონტაქტო პირი: თამარ ტუხაშვილი; 591113033″, – აღნიშნულია “საპარტნიორო ფონდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები