„საქართველოს რკინიგზის” განცხადება – “ქვიშხეთში გაფიცულებს კომპანიასთან სამართლებრივი კავშირი არ აქვთ”

„საქართველოს რკინიგზა” ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტს ეხმაურება და განმარტავს, რომ არავითარი შრომით-სამართლებრივი კავშირი პროცესთან არ აქვს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა გაფიცვის დაკავშირება “საქართველოს რკინიგზასთან” დესტაბილიზაციის განცდის დანერგვას ემსახურება.
ამასთან, კომპანია მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს.
“სს „საქართველოს რკინიგზას” “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან” გაფორმებული აქვს ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო ხელშეკრულება 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე. აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას, ასევე, საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული კომპანია, ავსტიულ-გერმანული ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს.
ნებისმიერი მცდელობა, მიმდინარე პროტესტი დაუკავშირდეს სს „საქართველოს რკინიგზას”, ემსახურება დესტაბილიზაციის განცდის დანერგვას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „საქართველოს რკინიგზა” მუშაობს შეუფერხებლად და ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება როგორც სამგზავრო გადაყვანები, ასევე – სატვირთო გადაზიდვები.
მედია საშუალებებს ვთხოვთ, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაცია, რათა არასწორი განმარტებებით არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”, – ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები