აკაკი ზოიძე: ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ციხის ნაცვლად, სამკურნალოდ უნდა გავუშვათ, რადგან ციხე სარეაბილიტაციო ადგილი არ არის

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა. როგორც მან აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალებების ერთმანეთისგან გამიჯვნა რთულია, რადგან ერთი და იგივე ნარკოტიკული საშუალება ადამიანზე ზემოქმედებით განსხვავდება.

„ძალიან რთული იქნება ნარკოტიკული საშუალებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან ერთი და იგივე ნარკოტიკული საშუალება რისკებით განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეიძლება იწვევდეს როგორც მიჩვევას, ასევე აგრესიას სხვადასხვა ადამიანებში.

ჩვენი, სპეციალისტებისა და ნებისმიერი ნარკოლოგის, პოზიციაა, რომ საპატიმრო სასჯელი არ უნდა იქნას გამოყენებული ყველა ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში და არა მხოლოდ იმ ნარკოტიკების, რომლებიც არ იწვევენ აგრესიას თუ მიჩვევას. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პირობითად, ერთი ან ორი ნარკოტიკის შემთხვევაში, არ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ნარკოტიკის შემთხვევაში, პირადი მოხმარების მიზნით შენახვაზე ან მოხმარებაზე არ უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა. თუ პაკეტი, რომელიც შემუშავებულია, იმ სახით იქნება მიღებული, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც დააკმაყოფილებს.

მომხმარებელი, ციხის ნაცვლად, საჭიროა, სამკურნალოდ გავუშვათ, რადგან ციხე სარეაბილიტაციო საშუალება არ არის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები