რას ფიქრობენ დანიელი ტურისტები საქართველოზე (ვიდეო)

კოპენჰაგენში მცხოვრები ადამიანები საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებას უზიარებენ.
კოპენჰაგენში მცხოვრებმა ქართველებმა, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვიდეორგოლი მოამზადეს, სადაც ჩაწერეს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დანიიდან საქართველოს სტუმრობდნენ.
კლიპი საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ტურისტული პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.
„ჩვენი დიდი სურვილი იყო, მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში და აღნიშნული იდეის ირგვლივ გავერთიანდით. გადავწყვიტეთ, რამდენიმე კითხვით მიგვემართა იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოს სტუმრობდნენ. შევხვდით სრულიად უცხო ადამიანებს და საკუთარი ქვეყნის შესახებ ვისაუბრეთ. ბევრი საინტერესო უკუკავშირი მოვისმინეთ და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. იმედს ვიტოვებთ, ამ კლიპის საშუალებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ესტუმრონ საქართველოს”, – აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.
„თავდაპირველად თბილისს ვესტუმრე. ქალაქი აბსოლუტურად მომაჯადოებელია. ვფიქრობ, მსგავს საოცრებაში არასდროს ვყოფილვარ. ნამდვილი ზღაპარია. ძალიან ძველი და მისტიკური. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, პირველი, რასაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ვაკეთებ, ქართული რესტორნის ძებნაა. ხაჭაპურისა და ხინკლის მოყვარული ვარ”, – ამბობს ტრინე დანიიდან. (იხ. ვიდეო)
პროექტის ორგანიზატორები: მარიამ შონია, მარი ნადარაია, თამარ კაკუბავა, გიორგი ვადაჭკორია, სემ ვინთერ სმიტი და ცირა ქობალია სრული ენთუზიაზმით მომავალშიც გეგმავენ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით.
ვიდეოს სისრულეში მოყვანისა და მხარდაჭერისთვის ისინი განსაკუთრებულ მადლობას უხდიან სემ ვინთერ სმიტს ნორვეგიიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები