დავით უსუფაშვილი: „რუსთავი 2-ის“ მესაკუთრეთა საკითხის გარკვევა პარტიული პროპაგანდისტის როლისგან დაიცავს არხს
პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” მესაკუთრეთა საკითხის გარკვევა ყველას ინტერესში უნდა იყოს. როგორც მან განმარტა, სწორედ ეს დაიცავს არხს პარტიული პროპაგანდისტის როლისგან.
„სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც მათ ძალიან ბუნდოვან ვითარებაში წილები დაათმობინეს, „რუსთავი 2-ის“ გარშემო ის ქაოსი დაიწყო, რომელმაც დღემდე მიგვიყვანა.
ამიტომ, წესით, ყველას ინტერესში უნდა იყოს, რომ „რუსთავი 2-ის“ მესაკუთრეთა საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს და დასტაბილურდეს. სწორედ ეს იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ყველა სხვა სიკეთის გარანტი და „რუსთავი 2-ს“ სწორედ ეს დაიცავს პარტიული პროპაგანდისტის როლისგან, რომლის თაობაზეც არის გააფთრებული ბრძოლა ბოლო 15 წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივი ინტერესიცაა, რომ აღნიშნული ტელევიზია, როგორც დამოუკიდებელი მედია, გადარჩეს და სხვა პარტიის კუთვნილებაში არ გადავიდეს.